ქართული ემიგრანტული მწერლობა

 
Web Institute


 

ლიტერატურა წარმოადგენს კონცეპტუალურ რეფლექსიას რეალურად მიმდინარე პროცესებზე; კონტექსტი, რომლის წიაღშიც ყალიბდება მხატვრული ტექსტი, ყოველთვის პოულობს ასახვას ამავე ტექსტის აზრობრივ თუ გამომსახველობით შრეებში. თუკი გავითვალისწინებთ ლიტერატურის თანდაყოლილ სწრაფვას ინტელექტუალური და რეპრეზენტაციული თავისუფლებისაკენ, ცხადად შეიძლება წარმოვიდგინოთ ის წინააღმდეგობა, რომელიც, პოლიტიკური რეჟიმების პირობებში, იქმნება მხატვრულ ტექსტსა და რეალურ კონტექსტს შორის. ასეთ დროს ყოველთვის არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ ღირებული ლიტერატურა, როგორც აზროვნების ალტერნატიული მოდელი, მარგინალურ პოზიციაზე გადაინაცვლებს, ხოლო ცენტრალურ ადგილს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტექსტები იკავებს.
ალტერნატიული ლიტერატურული დისკურსი განსხვავებული მეთოდებით იკვალავს გზას,  თუმცა, არჩევანი მწირია: ტრადიციულად, არსებობს ბრძოლის პირდაპირი და ირიბი გზები. პირდაპირი გზა, რასაკვირველია, განსაკუთრებული სიმამაცის მქონე შემოქმედთა ხვედრია: მწერლები მიდიან მსხვერპლზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ყველა სხვა გზა კომპრომისია. შესაბამისად, პოლიტიკური რეჟიმების წინააღმდეგ ამბოხებული არაერთი მწერალი შეგნებულად შეგებებია დახვრეტას, თვითმკვლევლობას, ანაც - იძულებით გადასახლებას, ემიგრაციას. პრობლემის "გადაჭრის" ეს სამივე ფორმა შინაარსობრივად იდენტურია,  განსხვავებას მხოლოდ განხორციელების სტრატეგია ქმნის.
ემიგრაციის მსხვერპლი მე-20 საუკუნის ბევრი გენიალური ქართველი მწერალია. ისინი გაექცნენ (ზოგი - ნებით, ზოგი - იძულებით) ბოლშევიზმს, კომუნიზმს, განვითარებულ სოციალიზმს, რათა დისტანციიდან დაენახათ მტკივნეული პროცესები, ეთქვათ სიმართლე და დანაშაულებრივი დიქტატურისაკენ მიეპყროთ მსოფლიოს ინტელექტუალური ძალების ყურადღება.
ემიგრაცია წითელ ზოლად გასდევს მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიას. სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტები ქმნიან თავიანთ წრეებს, საზოგადოებებს, მათ შორის ლიტერატურულ გაერთიანებებს და კალმით ებრძვიან მათ, ვის გამოც ისინი სამუდამოდ გადაიხვეწნენ უცხო მხარეებში. ემიგრანტი ქართველი ავტორების ტექსტებში იგრძნობა ღრმა ტკივილი და სევდა, ნოსტალგია, გაჯერებული პროტესტთან და იმედგაცრუებასთან. მათ შემოქმედებაში განსაკუთრებული სიმწვავით განიცდება შორიდან აღქმული მიტოვებული სამშობლო და “იქ” მიმდინარე პროცესები.
ემიგრანტი ქართველი ავტორები წარმატებით მუშაობედნენ  პროზასა და პოეზიაში, პუბლიცისტიკასა და კრიტიკაში. მათი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრული, ენობრივი და სტილური  მრავალფეროვნებით, რაც თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურულ ემიგრაციის პირველი ტალღის ისტორია საბჭოთა ხელისუფლების დამხობასთან ერთად დასრულდა, თუმცაღა, მრავალი შეკითხვა დატოვა ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი....

პროფესორი ირმა რატიანი