1008, თბილისი,
კოსტავას ქ. 5

www.litinstituti.ge
E-mail:
litinst@litinstituti.ge
ფაქსი: 99-53-00
ტელ: 99-53-00; 98-26-76

 

მთავარი გვერდი

search
 

¦

ილია ჭავჭავაძე

 რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია

 (დაბადებიდან 170-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავი)

2007 წლის შემოდგომაზე სრულდება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე.

ილია ჭავჭავაძემ, როგორც ახალი სალიტერატურო ენის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, შესანიშნავმა მწერალმა, მთარგმნელმა და პუბლიცისტმა, შეუფასებელი ღვაწლი დასდო არა მხოლოდ ქართულ მწერლობას, არამედ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და კონსოლიდაციის საქმეში.

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მეტად მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევა დღემდე მეცნიერთა ცხოველი ინტერესის საგანია. ცხადია, თითქმის საუკუნენახევრის მანძილზე ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ უამრავი მონოგრაფია, ნარკვევი თუ სტატია შეიქმნა არა მარტო ქართულ, არამედ მრავალ ევროპულ ენაზეც.

ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა მოამზადა წინამდებარე რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია, რათა მკვლევრებს, პედაგოგებს, სტუდენტ და მოსწავლე ახალგაზრდობას თუ ილიას შემოქმედებით დაინტერესებულ რიგით მკითხველს გაუადვილდეთ ორიენტირება ამ დიდი ქართველი მწერლის შესახებ შექმნილ დიდძალ სამეცნიერო ლიტერატურაში.

მასალის შერჩევა და ანოტირება დასრულდა 2007 წლის აგვისტოში. მეცნიერი-კონსულტანტები: გ. აბაშიძე, მ. კვაჭანტირაძე; კოორდინატორი – ნ. ფრუიძე.

 

¦

ანოტაციების ავტორთა ინიციალები

(ანბანური რიგით)

შ. კ. - შარლოტა კვანტალიანი

ქ. ნ. - ქეთევან ნინიძე

ქ. შ. - ქეთევან შენგელია

ზ. ც. - ზოია ცხადაია

 ¦

 I. ილია ჭავჭავაძის შემოქმედება

 ა) ილია ჭავჭავაძის თხზულებანი

 ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ოთხ ტომად. ტფ., "ქართველთა ამხანაგობა', 1892.

ჭავჭავაძე ი. თხზულებანი. ტ. 1, ტფ.: 1914, მიხ. გედევანიშვილისეული გამოცემა (ბიოგრაფია - გ. ყიფშიძე, შემოქმედება - კ. აბაშიძე ).

ჭავჭავაძე ი. თხზულებათა სრული კრებული ცხრა ტომად (რედ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი). ტფ.: "ქართული წიგნი", 1925-1928. 1929 წელს დაემატა მე-10 ტომი.

ჭავჭავაძე ი. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად (რედ. პ. ინგოროყვა,). თბ.: "სახელგამი", 1951- 1961.

ჭავჭავაძე ი. თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. თბ.: "მეცნიერება", "საბჭოთა საქართველო", 1987 წ.-დან (ტ. 1-15).

 ა) რჩეული ნაწერები და კრებულები

 ჭავჭავაძე ი. რჩეული ნაწერები 2 წიგნად ( რედ. პ. ინგოროყვა), თბ., 1948.

ჭავჭავაძე ი. აზრები, შემდგ.: გ. კალანდარიშვილი, რედ. ს. ყუბანეიშვილი, თსუ გამომც., 1989.

ჭავჭავაძე ი. ჭკუა ურჩევს, ენა იტყვის (აფორიზმები და გამონათქვამები), შემდგ.: ბ. კანდელაკი, თბ., საბჭოთა საქართველო, 1987;

ჭავჭავაძე ი. ამას ვამბობ და ვღაღადებ, შემდგ.: გ. გაბუნია, ქუთაისი, 1997. კრებ.: ილია ჭავჭავაძე ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, ორ ტომად, შემდგ.: გ. აბაშიძე, ი. ევგენიძე, ო. ლაბარტყავა, ლ. მინაშვილი, ს. ყუბანეიშვილი, ჯ. ჭუმბურიძე, ს. ხუციშვილი, თსუ გამომცემლობა, 1998.

 ¦

II. ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, შემოქმედება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ა) ბიბლიოგრაფიული კრებულები

ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და შემოქმედების მატიანე. ბიბლიოგრაფიული ქრონიკა 1837-1907; თბ., "მეცნიერება", 1987

 

 წიგნი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახავს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფაქტებს, მოვლენებს, პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს.

მატიანე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის მწერლის ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების გამოქვეყნების თაობაზე (თითოეული მათგანის დაწერის თარიღისა და წყაროს ჩვენებით); აღნუსხავს ლიტერატურულ და საზოგადოებრივ გამოსვლებს, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრებსა და მოგზაურობათა ქრონიკებს; გვაცნობს პირადი მიმოწერის იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესასწავლად. ამასთან, მკითხველს წარმოუდგენს მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოქვეყნებულ საგულისხმო ლიტერატურულ გამოხმაურებებს.

წიგნს ერთვის საძიებლები.

შ. კ.

¦

თ. ნაკაშიძე, ნ. კორძაია, ილია ჭავჭავაძე, ბიობიბლიოგრაფია, 1857-1907; თბილისი, გამ. "განათლება", 1966

 

ნაშრომში მოცემულია ილია ჭავჭავაძის ნაწერებისა და ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული ლიტერატურის სრული ბიბლიოგრაფია, დაწყებული პირველი პუბლიკაციით. მთელი მასალა წარმოდგენილია ორ ძირითად განყოფილებაში. პირველში მოცემულია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, მეორეში - ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შესახებ.

ნაშრომის პირველ თავში თავმოყრილია ცალკე წიგნად გამოცემული, თუ კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის ყველა ნაწერი.

ბიბლიოგრაფიის შემდგენლებსა და რედაქციას მიზნად არ დაუსახავთ ხელმოუწერელი წერილების ავტორობის დადგენა - იგულისხმება ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული "საქართველოს მოამბისა" და "ივერიის" ხელმოუწერელი წერილებიდან თვით ილია ჭავჭავაძის კუთვნილი სტატიების ან სხვა ხელმოუწერელი წერილების ავტორების დადგენა. შედგენისას ორიენტაცია აღებულია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემასა და "ქართული წიგნის" მიერ დაბეჭდილ ცხრატომეულზე (რომელიც რეალურად ათი ტომისაგან შედგება); შესწავლილია და გადასინჯული ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის კუთვნილი "ივერიის" კომპლექტები: 1886 წ. # 2241, 1887წ. 2242, 1888 წ. #2243 და 1889 წ. #265/ბ, სადაც ერთი და იმავე ხელით ილია ჭავჭავაძისადმი მიკუთვნებულ სტატიებს მიწერილი აქვს ფანქრით ან მელნით ი., ი. ჭ., ი. ჭ-ძე ან ი. ჭავ.

წიგნში შესულია საქართველოს სახელმწიფო ბიბლიოთეკის მიერ შედგენილი ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიები და ალ. კალანდაძის მიერ (მონოგრაფია - "საქართველოს მოამბეში") ილია ჭავჭავაძისადმი მიკუთვნებული წერილები.

ბიბლიოგრაფიის მეორე განყოფილებაში მოცემულია ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შესახებ; აღწერილობები ორივე განყოფილებაში ქრონოლოგიური წესით არის დალაგებული. მასში მითითებულია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების სათაური, ქვესათაური, გამოცემის ადგილი, წელი, გამომცემლობა, სტამბა, გვერდების რაოდენობა, ტირაჟი, წიგნის ფორმატი და ფასი.

აღწერილობები ანოტირებული და დანომრილია ცალკე თითოეული განყოფილებისათვის.

ბიბლიოგრაფიას დართული აქვს დამხმარე საძიებლები.

 ზ. ც.

 ¦

ბ) ცხოვრება და მოღვაწეობა

 გ. აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და ღვაწლი); თბ., 2005

 წიგნში მოკლედ არის მიმოხილული ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდები. ავტორი ცდილობს განსაზღვროს მისი როლი საქართველოს ახალ ისტორიაში და დღემდე ბუნდოვან მრავალ საკითხს მოჰფინოს ნათელი.

ნაშრომში ვრცლადაა წარმოდგენილი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატების ("ესდეკას") ბრძოლის ისტორია. ფილიპე მახარაძის, ნოე ჟორდანიას და სხვათა პუბლიკაციები, რომელთა პათოსმაც ერთგვარად შეამზადა ის მტრული გარემო, რომლის წიაღშიც "დაიბადა" ილიას მკვლელი. ამ თემას ტაბუ ედო და დღემდე არ არის საფუძვლიანად და ობიექტურად გამოძიებული. პირველად ეს "სამარისებული სიჩუმე" ვ. გურგენიძის ნაშრომმა დაარღვია. გიორგი აბაშიძე გვაცნობს სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ იმ დოკუმენტებს, რომლებიც დღეს არსებობს საქართველოში და რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებათა შესწავლას და ჭეშმარიტების დადგენას.

წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს უკვე მოძიებული, ცნობილი მასალის ავტორისეული ანალიზი, ახლებური ხედვა, ურთიერთშეჯერება და სკრუპულოზური განხილვა.

გიორგი აბაშიძეს თავის წიგნში არ გამორჩენია დღემდე გამოქვეყნებული არცერთი ნაშრომი, რომელიც ილიას მკვლელობას ეხება.

წიგნს საფუძვლად დაედო ავტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული ორი ნაშრომი დაედო საფუძვლად: 1. ილია ჭავჭავაძე (ბიოგრაფიული ნარკვევი) და 2. კომენტარები და შენიშვნები კიტა აბაშიძის პუბლიცისტური ნარკვევისათვის - "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ ეგე!", რომელიც 1991 წელს გამოიცა.

წიგნი შედგება შესავლის, ორი თავის, ბოლოთქმისა და შენიშვნებისაგან. ახლავს მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე.

შ. კ.

 ¦

ა. ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე (წიწამური); 1-ლი გამოცემა. თბილისი, 1984

 აკაკი ბაქრაძე იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც მიუხედავად საბჭოური პოლიტიკური ცენზურისა, შეძლო ობიექტურად განეხილა ილია ჭავჭავაძისადმი ქართველი "ესდეკების" დაპირისპირების საკითხი. ავტორმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ წიწამურის ტრაგედია განაპირობა საქართველოს სახლმწიფოებრიობის აღდგენისა და ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის მოპოვებისათვის ილიას მიზანმიმართულმა ბრძოლამ.

ნაშრომი დოკუმენტურად ასახავს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისეულ ფაქტებს, თუმცა, გარკვეულწილად, პუბლიცისტურ და ესეისტურ ხასიათსაც ატარებს. მწერალი წარმოდგენილია სამი რაკურსით: პიროვნული თვისებებით, შემოქმედებითი ტენდენციებითა და საზოგადოებრივი მოღვაწის სტატუსით. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში იღებს მონაწილეობას და, ამდენად, მისი ბიოგრაფიის გადმოცემა, ფაქტობრივად, XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ზოგადი მიმოხილვაცაა. წიგნში გამოყენებულია ილიას პირადი მიმოწერა (მწერლის წერილები მამიდის, მეუღლის, პეტერბურგელი ქართველი სტუდენტების და სხვათა მიმართ), მის თანამედროვეთა (კოხტა აფხაზი, გიორგი ლასხიშვილი, იასე ცინცაძე, არჩილ ჯორჯაძე) მოგონებები. გაშუქებულია მწერლის ურთიერთობა სარდიონ ალექსი-მესხიშვილთან, ბარბარე ჯორჯაძესთან, გიორგი ბარათაშვილთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და სხვა მოღვაწეებთან. წიგნში წარმოდგენილია სამი ძირითადი სივრცე: ილიას პირადი ცხოვრება, მისი შემოქმედებითი განვითერების ეტაპები და საქართველოს ისტორია, თუმცა ეს თემები ერთმანეთს კი არ ემიჯნება, არამედ ეყრდნობა. კერძოდ, ილიას შემოქმედება განხილულია მწერლის პიროვნული განვითარების ფონზე და გაშუქებულია ის მოტივები, რომლებიც უშუალოდ მისი ცხოვრებიდან იღებს სათავეს (მაგ.: "კაკო ყაჩაღი", "გლახის ნაამბობი", "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი" და ა. შ.). წიგნში წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალას აერთიანებს და მხატვრულ მიმართულებას აძლევს პროლოგი და ეპილოგი, რაც თხზულებას ესეისტური ინტერპრეტაციის ხასიათს სძენს.

ქ. ნ.

 ¦

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა; საგამომძიებლო მასალები; სახელმწიფო გამომცემლობა, თბ., 1938

წიგნი შედგება შესავლის, საკუთრივ ნარკვევის, დოკუმენტებისა და დამატებისაგან, რომელშიც ილიას მოურავისა და მისი მეუღლის მკვლელობაზეა საუბარი.

ავტორი ეყრდნობა ცენტრალური საარქივო სამმართველოს მთავარი საისტორიო არქივის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ფონდში დაცულ ორი ტომისაგან შემდგარ ილიას მკვლელობის მასალებსა და კიდევ ხუთ საქმეს, რომლებიც საისტორიო-რევოლუციურ არქივში (ფ. #36) ინახება. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტების შესწავლა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გახდა შესაძლებელი და გამოააშკარავა "ოხრანკის" როლი ამ საქმეში.

მეცნიერი იმოწმებს ზემოხსენებული დოკუმენტების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მიაჩნია მნიშვნელოვნად.

ავტორი ამტკიცებს, რომ თვითმპყრობელობამ განზრახ ისე წარმართა გამოძიება, რომ არ გამოაშკარავებულიყო მკვლელობის ინიციატორთა ვინაობა. იდუმალმა "ძლიერმა ხელმა" ჯერ დუშეთის მაზრის უფროსი ყარამან ფაღავა ჩამოაშორა საქმეს, შემდეგ კი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი დ. ჯაში გაათავისუფლა საპყრობილიდან საკუთარი თხოვნის საფუძველზე. გამომძიებელ ევტუშევსკისა და ყარამან ფაღავას მტკიცებები უგულებელყვეს. "ოხრანკა" შეეცადა ილიას მკვლელობისათვის ან შემთხვევითი ყაჩაღური თავდასხმის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, აგრარულ საკითხზე მომხდარი ტრაგედიის კვალიფიკაცია მიეცა. ხელისუფლებავე იყო დაინტერესებული, დანაშაული სოციალ-დემოკრატებისთვის გადაებრალებინა, რაც არცთუ ისე ძნელი იქნებოდა, რადგან ამ პარტიის ილიასადმი უარყოფითი დამოკიდებულების ამბავი საყოველთაოდ იყო ცნობილი.

ნარკვევს ერთვის 35 დოკუმენტი. მათ შორის, ოლღა ჭავჭავაძის, ელისაბედ საგინაშვილის, დიმიტრი ჯაშის, თედო ლაბაურის, დიმიტრი მასლოვისა და სხვათა დაკითხვის ოქმები.

წიგნში გამოთქმული მოსაზრება სადღეისოდ გაზიარებული არაა, მაგრამ საგულისხმოა ეპოქის სულისკვეთების გაცნობის მიზნით.

ქ. შ.

 ¦

პ. ინგოროყვა, ილია ჭავჭავაძე, თხზ. სრ. კრებ. 10 ტომად, წინასიტყვაობა; სახელმწიფო გამომცემლობა, თბ., 1951

პავლე ინგოროყვას ბიოგრაფიულ ნარკვევში გადმოცემულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი ასპექტები.

მეცნიერი აფასებს დიდი ერისკაცისა და შემოქმედის სამწერლო მოღვაწეობის ფართო დიაპაზონს. მას მოიხსენიებს, როგორც დიდ პუბლიცისტს, კრიტიკოსს, ლიტერატურათმცოდნეს, ისტორიკოსს, ეკონომისტს, სოციოლოგსა და ქართველი ხალხის დიდ განმანათლებელს.

 ნაშრომში გადმოცემულია მწერლის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი: დახასიათებულია ჭავჭავაძეთა გვარის გენეალოგია, ილიას ოჯახური "გარემო, მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის, სტუდენტობის წლები; აღწერილია ილიას მოღვაწეობის პირველი პერიოდი, რომელიც 1857-1867 წლებს მოიცავს. განსაზღვრულია ილიას ადგილი მე-19 საუკუნის საქართველოში. მისი, როგორც ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებლისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგის როლი.

საგანგებოდ არის გაშუქებული მწერლის ცხოვრება 1861-1863 წლებში. ეს პერიოდი მოიცავს ილიას საქართველოში დაბრუნების, მისი დიდი საზოგადოებრივი მოღვაწეობის საწყის ხანას და შემოქმედებით საქმიანობას. მკვლევარი აქვე საუბრობს "საქართველოს მოამბის" დაარსების შესახებაც.

1864-1876 წლები მოიცავს ილიას დაოჯახებას, ცენზურასთან ბრძოლის, მისი დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ ყოფნის, ბანკის წესდებაზე მუშაობის, შემოქმედებითი შრომის მომდევნო პერიოდს.

ნაშრომში ცალკეა აღწერილი ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ხანა. ჟურნალი 1877 წლიდან გამოდიოდა და დიდი ამაგი დასდო ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების განვითარებას. წიგნში გაანალიზებულია ის ფაქტორები, რომლის გამოც ილია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად იქცა და ჟანდარმერიამ 80-იანი წლებიდან საიდუმლო მეთვალყურეობა დააწესა მასზე.

გამოკვლევის დასასრულს პავლე ინგოროყვა აღწერს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ბოლო წლებს და საუბრობს მისი მკვლელობის სავარუდო მოტივებზე (სახელმწიფო საბჭოში მწერლის რადიკალური გამოსვლები და ბრძოლა ცარისტული თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა).

პავლე ინგოროყვას ეს ნარკვევი ცალკე წიგნადაცაა დაბეჭდილი.

 ქ. შ.

 ¦

ა. ლაისტი, საქართველოს გული, ტფ., "სახელმწიფო გამომცემლობა", 1923

წინასიტყვაობაში ავტორი საუბრობს იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი დაინტერესება საქართველოს ყოფითა და კულტურით; იხსენებს, თუ როგორ გაიცნო ილია ჭავჭავაძე.

შესავალი სიტყვა (ავტორი თედო სახოკია) ეხება არტურ ლაისტის 40 წლიან შრომას, რომლის ნაყოფი იყო წიგნი "საქართველოს გული". როგორც თედო სახოკია აღნიშნავს, სრულყოფილი სურათის წარმოსაჩენად წიგნს ერთვის ორი წერილი არტურ ლაისტის შესახებ (ავტორები: ვალერიან გუნია და თედო სახოკია); ისინი გადმობეჭდილია გაზ. "ბახტრიონიდან", რომელიც გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოდიოდა (1921 წ.).

"საქართველოს გული" შედგება 4 თავისაგან. ილია ჭავჭავძის შესახებ ავტორი ვრცლად საუბრობს პირველივე თავში და ეხება შემდეგ საკითხებს: ილია და მისი ახლობლები; ილია "ივერიის" რედაქციაში; ილია საგურამოში; ილიას პირადი ცხოვრება; ილიას გარეგნობა და ხასიათის თვისებები; ილიას საუბრების გახსენება; "ოთარაანთ ქვრივის" დაწერის ისტორია.

ქვეთავი "პირველი დიდი ქართული გაზეთი" ეხება გაზ. "დროებას".

ხანგრძლივი და გულმოდგინე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებია მოცემული წიგნის მონაკვეთებში: "საგურამო", "აკაკის სამშობლო", "მთაწმინდა", "კახეთი", "მთების პოეტი" (ვაჟა-ფშაველა); საგულისხმოა არტურ ლაისტის მიერ ვაჟას ენისა და, ზოგადად, "ფანტასტიური სამყაროს" შეფასება. დანარჩენი თავები მოიცავს მასალს საქართველოს ისტორიული წარსულის, მისი ბენების, ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და კულტურის შესახებ.

 ზ. ც.

 ¦

გ. ყიფშიძე, ილია ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული ნარკვევი (გედევანიშვილისეული გამოცემის წინასიტყვაობა), ტფ., 1914

გიგა ყიფშიძის ბიოგრაფიული ნარკვევი მოიცავს 17 თავს. მასში გაერთიანებულია როგორც მწერლის ბიოგრაფიული დეტალები, ასევე ჭავჭავაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ ვრცელი მონაცემები. აღწერილია ილიას თანამედროვე საქართველოს ისტორიულ-კულტურული მდგომარეობა. მწერლის განათლებისა და ადრეული შემოქმედებითი პერიოდის შესახებ საუბრისას ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს იმ დეტალებს, რომლებმაც ილიას პიროვნებისა და მისი მსოფლმხედველობრივი მრწამსის ჩამოყალიბებაში ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. ნაშრომში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა მწერლის პირადი მიმოწერიდან, მისი გამზრდელის მოგონებებიდან და სხვ. დაწვრილებით არის აღწერილი მისი, როგორც პიროვნებისა და საზოგადო მოღვაწის ზრდის ეტაპები. ავტორი საუბრობს იმ მოტივებზეც, რაც ილიას ზოგიერთი ნაწარმოების შექმნის საფუძველი გახდა (მაგ.: "მგზავრის წერილები" და სხვ.). ნარკვევში ვრცლადაა ასახული მამათა და შვილთა ბრძოლა, გამოცემების "დროება", "ივერია" ფურცლებზე გაშლილი პოლემიკა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა, ქართული თეატრის აღორძინების პროცესი, საადგილმამულო ბანკის დაარსება. მოკლედ არის მიმოხილული, აგრეთვე, საზღვარგარეთელი ქართველოლოგების ურთიერთობა ილიასთან (მარჯორი უორდროპი, ლაისტი, შუხარდტი, მორფილი). ნარკვევი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმდენად, რამდენადაც შექმნილია ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, მწერლის თანამედროვეთა მოღვაწეობის პერიოდში.

 ქ. ნ.

 ¦

 გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძე, 1837-1907, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება; ფოტომატიანე; ორ წიგნად. წ. I; თბ., გამ.: "ხელოვნება", 1987

 გურამ შარაძის ეს წიგნი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილი ნაშრომის პირველი ნაწილია, რომელიც მოიცავს 1837-1885 წლებს – დიდი მწერლისა და მოაზროვნის მიერ განვლილ ცხოვრების გზას ბავშვობიდან დაწყებული, "ივერიის" ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთებამდე. გამოკვლევას ახლავს საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის არქივებსა და მუზეუმებში ავტორის მიერ მოძიებული იკონოგრაფიული თუ ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის ფოტომასალა, რომელიც პირველად არის ასე ერთად თავმოყრილი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესაბამისი პერიოდის დასასურათებლად.

გურამ შარაძე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ფოტოგრაფიის შექმნაზე, რომელიც ილიას ბავშვობის წლებს დაემთხვა. ილიას სურათებს უღებდნენ თბილისისა და პეტერბურგის იმდროინდელი საუკეთესო ფოტოგრაფები. წიგნში დაბეჭდილია 1304 ფოტოსურათი, ხელნაწერთა და დოკუმენტთა ფოტოასლები. ამ უმდიდრესი ფოტომასალითაა გაცოცხლებული ილიას ბიოგრაფია. წიგნი შედგება შესავლისაგან ("ვისი ცხოვრებაც სიმბოლოა") და 10 თავისაგან (I. ყვარელი. ბავშვობა. 1837-1847. II. თბილისი. პანსიონსა და გიმნაზიაში. 1848-1856. III. პეტერბურგში გამგზავრება. 1857. ზაფხული. IV. პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1857-1861. V. საქართველოში დაბრუნება. 1861. VI. სულის მზიანობა. VII. საქართველოს მოამბე. 1863. VIII. ქუთაისსა და დუშეთში. 1864-1873. IX. ქართული ბანკის დაარსება. "მეფე ლირის" თარგმნა. 1873-1876. X. "ივერია". პირველი პერიოდი. 1877-1885).

პირველ ტომს ახლავს რეზიუმე რუსულ და ინლისურ ენებზე. გამოკვლევა დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე, ზომით 70X100 1/8.

 შ.კ.

 ¦

გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძე, 1837-1907, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება; ფოტომატიანე; ორ წიგნად. წ. II; თბ., გამ.: "ხელოვნება", 1990.

წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა 1886-1907 წლებში - ყოველდღიურ გაზეთ "ივერიის" პერიოდი (1886-1901) და მწერლის სიცოცხლის უკანასკნელი წლები (1902 -1907), მისი სიკვდილი და დასაფლავება (1907 წლის 30 აგვისტო - 9 სექტემბერი). ბოლო თავში მოცემულია 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურთან მომხდარი საუკუნის მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის ცდა. ნაშრომს ერთვის ილიას ფოტოპორტრეტების კატალოგი, აგრეთვე I და II ტომებში დასახელებულ პირთა საძიებლები, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

თავი I - "ივერია", მეორე პერიოდი (1886- 1901) ეხება 1847 წლიდან უკვე ყოველდღიურ გაზეთად (ნაცვლად ყოველკვირეულისა) გადაკეთებულ გაზ. "ივერიას"; ილია ჭავჭავაძის უდიდეს ღვაწლს გაზეთის გამოცემასა და ხანგრძლივი არსებობის საქმეში. ქვეთავები: ილიას მხატვრული ნაწერები, ილიას პუბლიცისტიკა, ილია და ქართული მუსიკა, ილიაობა, ილია ჭავჭავაძე ევროპაში - ასახავს ილიას მოღვაწეობასა და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს; ვრცლად არის წარმოდგენილი XIX საუკუნის ამ მონაკვეთის სალიტერატურო ცხოვრების სურათი, საუბარია ილიას თანამედროვე როგორც ქართველ, ასევე უცხოელ გამოჩენილ მწერლებსა და კულტურის სხვა დარგის მოღვაწეთა შესახებ;

II თავი - "ივერიის" გარეშე (1902-1907) მოიცავს ილია ჭავჭავაძის ამ პერიოდის ცხოვრების საინტერესო ფაქტებს; მის გარშემო მყოფ ქართველ თუ უცხოელ მოღვაწეთა შესახებ მნიშვნელოვან მასალებს.

III თავში - სიკვდილი და დასაფლავება - გამოყენებულია მრავალი საარქივო მასალა, ჩართულია ილიას ცხედართან წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვები.

IV თავში - სიმართლის ძიებაში - საუბარია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებასა და შემდგომ მოვლენებზე; ერთვის ფოტოები.

თავი V - ილიას უკვდავება - წიგნის დასკვნის სახითაა წარმოდგენილი.

გამოკვლევა დაბეჭდილია 70X100 1/8 ზომის ცარცის ქაღალდზე.

 ზ.ც.

¦

გ) შემოქმედება

 აბაშიძე კ., ილია ჭავჭავაძე, წიგნში: "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ", ქუთაისი, 1911

ნარკვევში განხილულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები თემატური და მხატვრული თვალსაზრისით. ასახულია ის კულტურული კონტექსტი, რომელშიც მწერალს უხდებოდა მოღვაწეობა. გარკვეულია მოტივები, რომელთა გამოც ილიას შემოქმედებით საქმიანობას მისი თანამედროვე მოღვაწეების ნაწილმა ალღო ვერ აუღო. ილიას ნაწარმოებები წარმოდგენილია ინტერტექსტუალურ ჭრილში. კრიტიკოსი საუბრობს უცხოელ ავტორთა შემოქმედებასთან ილიას ტექსტების შედარებისას გამოვლენილ მეთოდოლოგიური სისწორისა და უმართებულობის შემთხვევებზეც. ასევე, განიხილავს ფორმისა და შინაარსის დამოკიდებულების საკითხს მწერლის ნაწარმოებებში. ნარკვევში გაანალიზებულია რომანტიზმისა და რეალიზმის გადაკვეთის შემთხვევები ილიას შემოქმედებაში და მისი ნაწარმოებების აქტუალური თემატიკა (მაგ.: პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი და სხვ.). აღწერილია მისი შემოქმედებითი ხაზის გამგრძელებელთა განვითარების ძირითადი მიმართულებები და ილიას ტიპაჟების სახეობრივი გავლენა მომდევნო პერიოდის ნაწარმოებების გმირთა სრულქმნის თვალსაზრისით.

 ქ. ნ.

¦ 

გ. ასათიანი, ილია ჭავჭავაძე პოეტი და მოაზროვნე, თბ., ნაკადული, 1978

გურამ ასათიანის ნაშრომი შედგება ორი Qთავისაგან. პირველ თავში, "ილია Qჭავჭავაძე და ქართული რეალიზმის პრობლემა", ავტორი ეხება ქართული რეალიზმის განვითარების გზებს და მისი ევოლუციის შინაარსს.

გურამ ასათიანის მოსაზრებით, ლიტერატურაში ახალი ფორმების ძიების მიუხედავად, ილია არ უარყოფდა რომანტიზმის წინამორბედთა და რომანტიკული ლიტერატურის კორიფეთა შემოქმედებას; პირიქით, აღიარებდა ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის და ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ დანერგილ მხატვრულ გეზს და სპეციფიკური სახელწოდებით - "ევროპეიზმით"- ნათლავდა.

წიგნის მეორე თავის სათაურია - "ილია ჭავჭავაძე და XIX საუკუნის ქართული პოეტური აზროვნება". გ. ასათიანი მიიჩნევს, რომ "ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა ქართული პოეზია აქციეს თავისი დროის ყველაზე მაღალი იდეალებისათვის - ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური განთავისუფლებისათვის საბრძოლო იარაღად". მათ ქართულ სიტყვას შესძინეს მოქალაქეობრივი სიმახვილე.

გურამ ასათიანის შეფასებით, ილიას შემოქმედებითი ევოლუცია ეპოქალურ ხასიათს ატარებს. ავტორი დაწვრილებით განიხილავს ილიას პოემების ("აჩრდილი", "ქართლის დედა", "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ", "დიმიტრი თავდადებული", "განდეგილი") ფორმობრივ თავისებურებებს, მათ კომპოზიციურ აგებულებას, სალექსო საზომისა და მუსიკალური ჟღერადობის მთლიანობას. ის რიგ შემთხვევებში გამოარჩევს სიმბოლოთა ფუნქციას და ილიას პოეტური მეტყველებისათვის დამახასიათებელ სინონიმური ან მონათესავე ეპითეტების სიუხვეს; ზოგან პოეტური "ფორმის ხალხურობას", ზოგან კი - დახვეწილ, რაფინირებულ სტილს.

ნარკვევში განხილულია ილიას ლექსებიც. გამორჩეული ყურადღება ეთმობა პოეტურ ქმნილებებს: "მას შემდეგ, რაკი..." და "ჩემო კალამო"; ასევე ლექსს "პოეტი". მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ლექსებში გაამოვლენილმა ესთეტიკურმა კონცეფციამ მთელი ეპოქა შექმნა ქართული მწერლობის ისტორიაში.

ქ. შ.

 ¦

თ. დოიაშვილი, ილიას ლექსწყობა; ალმან.: "ლიტერატურული ძიებანი", XX, თბ., 1999, გვ. 345-360

თეიმურაზ დოიაშვილის ნაშრომში ილია ჭავჭავაძის ლირიკა განხილულია ვერსიფიკაციული თვალსაზრისით. ავტორის აზრით, ილიას ლირიკა განსაკუთრებული მოვლენაა ქართული პოეზიის ისტორიაში. "ყვარლის მთების" ავტორი თანამედროვეთა თვალწინ ჩვეული სიდინჯითა და სიმტკიცით აუქმებდა ტრადიციულ წარმოდგენას პოეზიასა და ესთეტიკურ ფასეულობებზე, ამკვიდრებდა ახალ პოეტურ სტილს. მან უარყო აღმოსავლური ლექსწყობის ფორმები, "ფიგურობასა და ალეგორიაზე" დაფუძნებული ფერადოვანი სტილი, რითაც "ევროპეიზმის" ცნება დაამკვიდრა. ევროპულ სიტყვიერ ხელოვნებაზე ორიენტირება და პოეტური კულტურის უნივერსალობისაკენ სწრაფვა თავისთავად გულისხმობდა მხატვრული აზროვნების ფორმათა გადახალისებას, ახალი პოეტიკის შემუშავებას.

ნაშრომის ავტორი დაწვრილებით განიხილავს ილიას ლირიკის ვერსიფიკაციულ მხარეს და ასკვნის, რომ ჩვენს წინაშეა მეტრულ-რიტმული სტრუქტურის შესაძლებლობათა გაფაქიზებული გრძნობა, მისი ფუნქციური გამოყენების შესანიშნავი მაგალითი. პრინციპულად მცდარია, ავტორის აზრით, განყენებული მსჯელობა ილია ჭავჭავაძის პოეზიის "სიმძიმესა" და "არამუსიკალურობაზე", საერთოდ, ფორმისადმი უყურადღებობაზე. ილია არც თეორიულად და არც პრაქტიკულად "ტკბილ ხმათა" წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ მან დაამკვიდრა ჰარმონიის ახალი სახე, რომლისთვისაც ამოსავალი იყო ფორმა-შინაარსის სრული შესაბამისობის პრინციპი.

შ. კ.

¦ 

მ. დუდუჩავა, ილია ჭავჭავაძის ესთეტიკა; გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბ., 1960

წიგნი იწყება შესავლით, სადაც ვკითხულობთ: "არსებობს ეპოქები, რომელთა თავისებური ხასიათის შედეგად, მწერლობა ხდება ერის მთელი სოციალური, გონებრივი და სულიერი ცხოვრების მეთაური, წარმმართველი ძალა". ავტორი მიიჩნევს, რომ მწერლობამ XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძის მეთაურობით სწორედ ასეთი ეროვნული მისია შეასრულა. ავტორის აზრით, ქართული ესთეტიკური აზროვნების ისტორია, არსებითად, შოთა რუსთაველით იწყება, მაგრამ XIX საუკუნეში სწორედ ილია ჭავჭავაძემ მისცა მას ჩამოყალიბებული, მთლიანი სახე ისეთი პრობლემების განხილვით, როგორიცაა: ხელოვნების ზოგადი არსი და სპეციფიკა, სოციალური ბუნება და დანიშნულება.

წიგნში გაანალიზებულია იმ ავტორთა ნაშრომები, რომლებიც შეხებიან აღნიშნულ პრობლემას. მამია დუდუჩავა ცდილობს იმ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, რომელთაც სხვა მკვლევრები ნაკლებად ან სრულებით არ შეხებიან. ეს არის ილიას შეხედულებები ახალი ქართული ლიტერატურის განვითარების, თეატრის, დრამატურგიის, მუსიკის შესახებ.

ნაშრომში წარმოდგენილია იმ პოლემიკის არსი, რომელიც გაიმართა ილიასა და "ცისკრელებს" შორის. ასევე ვრცლად არის განხილული წერილი "აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი".

წიგნი შედგება შესავლისა და შვიდი თავისაგან: 1. ხელოვნების საგანი და თავისებურება; 2. ხელოვნების საზოგადოებრივი დანიშნულება და განვითარების კანონზომიერება; 3. ახალი შემოქმედებითი პრინციპები; 4. ქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემატიკა; 5. თეატრისა და დრამატურგიის საკითხები; 6. ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; 7. ილია ჭავჭავაძის ესთეტიკური ნააზრევის ეროვნული და სოციალური საფუძვლები.

წიგნს ერთვის გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების სია.

 შ. კ.

 ¦

გ. კალანდარიშვილი, ასკეტიზმის პრობლემა ილია ჭავჭავაძის "განდეგილში"; ჟ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია, თბ., 1982. #4, გვ. 46-59

  გულნარა კალანდარიშვილის წერილი ეხება იმ ძირითად საკითხებს, რომლებსაც ილია ჭავჭავაძის "განდეგილის” სწორად აღქმისა და მწერლის მსოფლმხედველობის შეცნობის თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა ენიჭებათ. ნარკვევში მეცნიერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კიტა აბაშიძის, აკაკი ბაქრაძისა და სარგის ცაიშვილის გამოკვლევებს. მკვლევარი უღრმავდება ისეთ პრინციპულ საკითხს, როგორიცაა განდეგილობის არსი. იგი ამ საკითხს მიმოიხილავს იმ კონცეპტუალური კონტექსტის ფონზე, რომლის ანალიზის გარეშე მეცნიერი ვერ გამოიტანს მართებულ დასკვნებს განდეგილობის იდეასთან დაკავშირებით (ვგულისხმობთ ქრისტიან სქოლასტიკოსთა მოძღვრებას სულისა და ხორცის შესახებ და სხვ. მნიშვნელოვან საკითხებს), აგრეთვე წარმოაჩენს ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებასაც ამ მოვლენისადმი. თავისი თვალსაზრისის გასამყარებლად მეცნიერი იმოწმებს მწერლის პუბლიცისტიკას.

 მეცნიერი განიხილავს ნაწარმოებში ტრაგედიის გამომწვევ მოტივთა განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. იგი ერთმანეთს უპირისპირებს პიროვნულ და იდეოლოგიურ ტრაგედიას და რელიგიასა და ბუნებრივ, ჭვრეტით რწმენას.

 ქ. ნ.

 ¦

თ. კიკაჩეიშვილი, ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მხატვრული თავისებურებანი; თბ., თსუ გამომცემლობა, 1992

 მონოგრაფიის ავტორი მწერლის მიერ სინამდვილის მხატვრულ-სახეობრივი ასახვისათვის გამოყენებული ხერხებისა და საშუალებების მთელი სისტემიდან გამოყოფს და აანალიზებს მხოლოდ ზოგიერთს, - ისეთს, რომელიც შესაფერისი სახოვანებით ამჟღავნებს ილიას შემოქმედების მხატვრულ ღირსებებს.

წიგნი შედგება შესავლისა და ოთხი თავისაგან. ავტორი განიხილავს ბუნების აღწერის მწერლისეულ სპეციფიკას, ტროპული მეტყველების იდეურ-მხატვრულ ფუნქციას, მონოლოგის ფორმებს, დიალოგის როლს და გვთავაზობს შემდეგ დასკვნებს:

I. ილიას მიერ აღწერილი ბუნება-პეიზაჟი ნათლად გამოხატავს როგორც მწერლის მსოფლმხედველობრივ, ასევე პერსონაჟთა აზრობრივ-ემოციურ სამყაროს, ხელს უწყობს ქცევისა და მოქმედების, ხასიათის თავისებურების გამოაშკარავებას, ცხოვრებისეული მოვლენების გამომზეურებას.

II. ილია ტროპის თითქმის ყველა სახეს იყენებს (ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, გაპიროვნება, სიმბოლო-ალეგორიები და ა. შ.), თუმცა არა გარეგნული ეფექტის მოსახდენად.

III. ილიას თხზულებებში მონოლოგის მრავალი ფორმა დასტურდება: ავტორის (მთხრობელის) და პერსონაჟის შინაგანი მონოლოგი; არასაკუთარი პირდაპირი მეტყველების ტიპის მონოლოგი; ავტორის (მთხრობელის) და პერსონაჟის, ასე ვთქვათ, ღია მონოლოგი; ილიასათვის დამახასიათებელი მონოლოგში ჩართული ე. წ. "რეტროსპექტული დიალოგი"; ცალკეული პერსონაჟის "აღსარება-მონოლოგი" და "დატირება-მონოლოგი". თავად ფორმათა მრავალსახეობაც მეტყველებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ავტორი მონოლოგს თხრობის სტრუქტურაში.

IV. ილიას დიალოგი ხელს უწყობს შინაარსის განვითარებას. მჟღავნდება პერსონაჟთა განცდები, შეხედულებები. დიალოგი ილიას პროზაში ერთიან სულიერ-იდეურ და მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებათა გამომზეურებისთვის მოხმობილი ერთ-ერთი აქტიური ფორმაა.

ქ. შ.

 ¦

გრ. კიკნაძე, ილია ჭავჭავაძე ლიტერატურათმცოდნეობისა და ხელოვნების საკითხების შესახებ; წიგნში: "ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები"; თსუ გამომცემლობა, 1978, გვ. 228-250

ნარკვევში ნაჩვენებია ილია ჭავჭავაძის, როგორც ლიტერატურათმცოდნეობის და ხელოვნებათმცოდნეობის თეორეტიკოსის ღვაწლი. აღნიშნულია მოწინავე რუსი მოაზროვნეების გავლენა ახალგაზრდა ილიას შემოქმედებითი ზრდისა და მსოფლმხედველობრივი მომწიფების პროცესზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მწერალი არასოდეს ყოფილა ბრმა მიმდევარი ავტორიტეტებისა და ისინი იმდენად აინტერესებდა, რამდენადაც ამას მშობლიური ლიტერატურისა და ხელოვნების სასიცოცხლო ინტერესების დაცვა მოითხოვდა.

ილია რეალისტური რადიკალიზმით გამოირჩეოდა, მან ფორმალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა ხელოვნებაში და დემოკრატიზმის პრინციპი დაიცვა.

ნაშრომში ნაჩვენებია, როგორ იყენებდა და იცავდა ისტორიზმის პრინციპს ილია თავის ნაწერებში. გარდა ამისა, ნაშრომში ილია დახასიათებულია, როგორც თეატრალური რეცენზენტი.

შ. კ.

 ¦

გრ. კიკნაძე, ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები, იქვე, გვ. 251-276

ნარკვევში განხილულია ილიას შემოქმედების ძირითადი ტენდენციები. პირველი ნაბიჯი მას ქართულ მწერლობაში არსებული ვითარებით უკმაყოფილებამ გადაადგმევინა. მან ძველის ნგრევით დაიწყო, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ნგრევაშივე წარმოადგინა ახლის შენების იდეა. უკმაყოფილებამ და "გარემოსადმი შეტევამ" ილიას შემოქმედებაში მძაფრი სატირის ფორმა მიიღო. მისი სატირა არგუმენტირებული სატირის ნიმუშია. ილია ამზეურებს პიროვნებათა არსებით ნაკლოვანებებს, რაც აპირობებს სატირული მიმართების გარდუვალობას. ილია "დაღვრემილი სატირიკოსის" განსახიერებაა. მისი სატირული ხედვა ირონიულია, რომელიც ალოგიზმისკენაა მიმართული.

გრიგოლ კიკნაძე საგანგებოდ მსჯელობს ილიას თხზულებების მორალისტურ ტენდენციაზე. "ზნეობრივი ერთიანობა ამზადებს ეროვნულ მთლიანობას," - განაცხადა ილიამ. ამ თვალსაზრისით, მკვლევარს საანალიზოდ მოაქვს მწერლის მრავალი თხზულება, მათ შორის "ოთარაანთ ქვრივი", "კაცია-ადამიანი?!", "მგზავრის წერილები", "მეფე დიმიტრი თავდადებული", "აჩრდილი", "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი" და სხვ.

ილიას ქმნილებებისათვის დამახასიათებელ კიდევ ერთ ტენდენციად გრიგოლ კიკნაძე ხალხურობას ასახელებს.

 შ. კ.

¦ 

ვ. კოტეტიშვილი, ილია ჭავჭავაძის პროზის პოეტიკა; თბილისი, 1996

წიგნში შესწავლილი და წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის იდეურ-მსოფლმხედველობრივი სამყაროს მხატვრული განსახოვნების ძირითადი პრინციპები. ავტორი ეხება მწერლის შემოქმედებითი და ენობრივი სტილის საკითხებს. იგი წარმოგვიდგენს ილიას შემოქმედებითი მეთოდის თავისებურებებს: ავტორის თხრობის, გმირის მონოლოგისა და ტექსტთან მიმართებით ეპიგრაფის ფუნქციურ დატვირთვას. წარმოჩენილია, აგრეთვე, ტიპური პასაჟები (მაგ.: გმირის სიზმარი და სხვ.), რომელთაც მწერლის მრწამსისა და სტილის კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. აღწერილია ილიას პროზაული ტექსტების მუსიკალურობის შემთხვევები, შესწავლილია მწერლის ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური ფონდი და პუნქტუაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ავტორი კვლევის შედეგად მიდის იმ დასკვნამდე, რომ ილია ჭავჭავაძის ესთეტიკა ეთიკურ საყრდენს ეფუძნება.

ქ. ნ.

 ¦

ლ. მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და შემოქმედებითი ასპექტების დახასიათება; თსუ გამომცემლობა, 1995 წელი (412 გვ.)

წიგნი მოიცავს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი ასპექტების დახასიათებას, ილიას დიდი პიროვნებისა და მისი მხატვრული შემოქმედების მთლიანობაში ასახვას.

წიგნში ვრცლად არის საუბარი მწერლის პიროვნულ ცხოვრებაზე, მოქალაქეობრივ მრწამსსა და ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებებზე, ცალ-ცალკეა განხილული ილია ჭავჭავაძის ლირიკა, ეპიკური პოეზია და მხატვრული პროზა; წიგნს უძღვის შესავალი წერილი.

I თავი - ილიას ცხოვრების გზა - ვრცელი სურათია მწერლის ბიოგრაფიიდან: დაბადების ადგილი - ოჯახი, მშობლები, სწავლა-განათლება, მოღვაწეობა, ტრაგიკული აღსასრული, გზა მთაწმინდამდე.

II თავი - ილია ჭავჭავაძე და ქართველი ერი - წარმოსახავს ილია ჭავჭავაძის პიროვნულ სამყაროს და მის დამოკიდებულებას ქართველი ერისადმი, გამოხატულს სიტყვით და საქმით.

III თავი - ილია ჭავჭავაძის მწერლური და მოქალაქეობრივი მრწამსი - ნათელ სურათს იძლევა მის ეროვნულ-მოქალაქეობრივ მისიაზე;

IV თავში - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები- განხილულია ამ თვალსაზრისის გამომხატველი პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები, ილიას პოლემიკური სტატიები.

V თავი - ილია ჭავჭავაძის ლირიკის შემოქმედებითი ასპექტების დახასიათებისათვის - წარმოადგენს პოეტის ლირიკული ტექსტების ყოველმხრივ ანალიზს.

VI თავში - ილია ჭავჭავაძის პოემების შემოქმედებითი ისტორიისათვის - განხილულია ილიას ყველა პოემა, საინტერესო პარალელებით უცხოურ პოეზიასთან, ახალი დაკვირვებებითა და დასკვნებით.

VIIO თავი - ილია ჭავჭავაძის პროზის ისტორიისათვის - მოიცავს ორ ქვეთავს: ა) მოტივთა ურთიერთობა ილიას მოთხრობებში; Bბ) ილიას პროზის ზოგიერთი მხატვრული თავისებურების შესახებ.

 ზ.ც.

¦ 

ი. რატიანი, ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში, (ხუთი თხზულების ანალიზი); თბ., გამომც.: უნივერსალი, 2006

წიგნი მოიცავს მხატვრული დროისა და სივრცის ზოგადსტრუქტურული თავისებურებებისა და კონკრეტულ თხზულებებში მათი რეალიზების სპეციფიკის კვლევას.

ნაშრომი მიზნად ისახავს, ილია ჭავჭავაძის პროზაული თხზულებების გაანალიზების საფუძველზე, რეალისტური ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი მხატვრული დრო-სივრცის გლობალური, ე. წ. "მსოფლიო სტანდარტებით" აღქმის პრინციპისა და ფსიქოლოგიური სუბლიმაციის პროცესის თავისებურებათა წარმოჩენას, ქრონოტოპის სტრუქტურული არაერთგვაროვნებისა და მისი რეალიზების მოდალური ინვარიანტების გამოვლენას, რეალისტურ ნაწარმოებში კონცენტრირებული მხატვრული დრო-სივრცის აღქმის პრობლემის გააზრებას.

წიგნში განხილულია მხატვრული დროისა და სივრცის სპეციფიკა და მისი კანონზომიერებანი ზოგადად რეალისტური ლიტერატურისა და, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის თხზულებების: "მგზავრის წერილების", "გლახის ნაამბობის", "კაცია-ადამიანის?!", "სარჩობელაზედ" და "ოთარაანთ ქვრივის" მაგალითზე.

ნაშრომი შედგება წინათქმის, შესავლის, ოთხი თავის (1. თხრობის დრო-სივრცული ორიენტაცია, 2. მხატვრული, ანუ სიუჟეტური დრო და სივრცე, 3. მხატვრული ქრონოტოპული სისტემა, 4. მკითხველთა ქრონოტოპი) და 7 ქვეთავისაგან.

წიგნს ერთვის დასკვნები, გამოყენებული ლიტერატურა, წყაროები და პირთა საძიებელი.

 შ. კ.

¦ 

ჯ. ღვინჯილია, ილია ჭავჭავაძე; წიგნში: "პოეტური ენერგია",თბ., გამ. "ნაკადული", 1989, (გვ. 244-298)

ჯანსუღ ღვინჯილიას წიგნში "პოეტური ენერგია" ერთ-ერთი წერილი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნება. მასში განხილულია ილიას პოეზია. ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა პოემა "აჩრდილის" შეფასებას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის, რაც "აჩრდილში" პროგრამად არის მოწოდებული, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და შემოქმედების ყველა სფეროზე ვრცელდება. ლექსებსა და პოემებში აზრის მოძრაობა პოეტური ენით არის გადმოცემული, რის გამოც ისინი სხვა ჟანრის თხზულებებს მნიშვნელოვნად აღემატებიან.

ნარკვევში განხილულია ილიას ლირიკული ტექსტები; მათ შორის საგანგებოდაა გამოყოფილი "ბედნიერი ერი", როგორც ერის თვითაღსარების შეუდარებელი ნიმუში; დასკვნის სახით ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი შესაძლებლობებით მაინც ეროვნულ პრობლემატიკაში გამჟღავნდა. მაგრამ მისი საოცრად პროგრესული ხასიათი, პიროვნული თვისებები, ინტერესები არ შეიძლებოდა ერთ, თუნდაც უდიდეს საკითხს მიჯაჭვოდა. ილიას ინტერესების სფეროში შემოდიოდა იმდროინდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებიც, ილია ჭავჭავაძის წყალობით, უმოკლეს გზებს პოულობდნენ ქართულ სამყაროსთან დასაკავშირებლად. ილია ახერხებდა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთისათვის ეროვნული და საკაცობრიო.

ზ.ც.

 ¦

გ. ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე; თბ., გამ. "განათლება",1966 წელი

წიგნი შედგება შესავლისა და 7 თავისაგან.

შესავალში არის ზოგადი მსჯელობა ილია ჭავჭავაძის როლზე ქართული კულტურის ისტორიაში; მასზე, როგორც მოაზროვნეზე, მხატვრული სიტყვის ოსტატსა და საზოგადო მოღვაწეზე;

პირველი თავი "ცხოვრება ილია ჭავჭავაძისა" შედგება 7 ქვეთავისაგან, რომელთა ძირითადი შინაარსია: ჭავჭავაძეების გენეალოგია; ილიას ოჯახური გარემო; ილია პეტერბურგში; ილიას სამოღვაწეო ასპარეზი - ნაფიცი ვექილობიდან სახელმწიფო საბჭოს წევრობამდე; სიცოცხლის უკანასკნელი დღეები; ილიას გარშემო შეკრებილი ცნობილი ადამიანების შესახებ; ილიას მკვლელობა და საყოველთაო გლოვა;

მეორე თავში განხილულია ილიას ლირიკა; ანაკრეონტული, ეროვნული თემატიკა; ილიას აფორიზმები; სატირული პოეტური ტექსტები; "გამოცანები" და "კიდევ გამოცანები", ასევე მასთან დაკავშირებული გამოხმაურებები;

წიგნის მესამე თავი ეხება ილია ჭავჭავაძის პოემებს. აქ საუბარია ზოგადად პოემებზე, ბედისწერის კულტზე ჰომეროსის, ჰესიოდეს, ვირგილიუსის, რუსთაველის პოემებში; განხილულია "აჩრდილი", "ქართვლის დედა", "რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ", "მეფე დიმიტრი თავდადებული", "განდეგილი".

მეოთხე თავი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის პროზას – განხილულია ილიას ყველა მოთხრობა, მათ შორის დაუმთავრებელი თხზულებებიც.

მეხუთე თავში მკვლევარი ვრცლად მსჯელობს ხელოვნების ილიასეული რეალისტური თეორიის გამოვლენის შესახებ ლიტერატურასა თუ კულტურის სხვადასხვა სფეროში.

წიგნის შემდეგ ნაწილში მოცემულია ილიას პუბლიცისტიკის ზოგადი დახასიათება; საუბარია ილიას მსოფლმხედველობის ნაკადებისა და პუბლიცისტიკისა და მხატვრული შემოქმედების ურთიერთმიმართების შესახებ.

მეშვიდე თავი წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის ზოგად დახასიათებას. წიგნს ერთვის სახელთა საძიებელი.

ზ. ც.

¦

ივ. ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია; ტფ., 1938

ნაშრომი "ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია" ივანე ჯავახიშვილმა 1937 წელს მოხსენების სახით წაიკითხა მწერლის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომაზე, ხოლო 1938 წელს დაბეჭდა კიდეც. მეცნიერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ილია ჭავჭავაძის ისტორიულ კონცეფციას და მწერლის მოღვაწეობას ამ დარგში; მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა ილიასეული თვალსაზრისი ჩვენი წარსულის "უტყუარი და დაუნდობელი, მაგრამ პირუთვნელი" შეფასებაა. ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში განიხილავს "ჩვენი დიდებული მოღვაწის" თხზულებათა სრული კრებულის მეხუთე ტომს, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი წერილები.

მეცნიერის შეფასებით, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ქართველი ხალხის ცხოვრებას და არა მხოლოდ "მეფეთა ისტორიას" ეხება, ილია ჭავჭავაძისათვის სერიოზული და ღრმა განსჯის საგანია; მათ შორისაა "მიწისმფლობელობის წესის" მნიშვნელობა, ქართველი გმირებისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა საქმიანობის შედეგები. ილიამ კრიტიკულად შეაფასა "ქართლის ცხოვრების" ცნობები და იქ არაერთი მცდარი ინფორმაცია აღმოაჩინა. ნაშრომში გვხვდება მოსაზრებები ილია ჭავჭავაძის ლინგვისტური დაკვირვებების შესახებაც.

ივანე ჯავახიშვილი ამართლებს ილია ჭავჭავაძის მეთოდოლოგიას ისტორიული კვლევის მიმართულებით და მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე ისტორიკოსი მეცხრამეტე საუკუნის აღწერას შეუდგება, ის "ვალდებული იქნება" აღნიშნოს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი საქართველის ისტორიოგრაფიაში.

 ქ. შ.

 ¦

 დ) ილია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე

 ვ. აბაშმაძე, ილია ჭავჭავაძის პოლიტიკურ-სამართლებრივი მსოფლმხედველობა; თბ., 1983

 ნარკვევი ეხება ილიას პოლიტიკურ-სამართლებრივ შეხედულებებს. აქ ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძე, როგორც თავის მხატვრულ ნაწარმოებებსა და ფილოსოფიურ-პოლიტიკურ ტრაქტატებში, ისე პუბლიცისტურ წერილებში, ჰუმანისტურ-განმანათლებლური და დემოკრატიული პოზიციებიდან იბრძვის ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული ჩაგვრისაგან გასათავისუფლებლად. ბუნებითი სამართლის პროგრესულ მოძღვრებაზე დამყარებით იგი მიუთითებს, რომ სოციალური და ეროვნული ჩაგვრა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას.

ავტორი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ქართული კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის შექმნის პროექტი, პროგრესისტთა ქართული ეროვნულ-დემოკრატიული (კონსტიტუციურ-დემოკრატიული) პარტიის პროგრამა; სანოტარო დებულების 168-ე მუხლი და მისი შეფარდება თბილისის "საოკრუგო" სასამართლოს მიერ.

შ. კ.

 ¦

 ი. ასათიანი, თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსება; თბ., "მეცნიერება", 1979

 ნაშრომი შედგება შესავლის, 5 ძირითადი თავისა და ორი დამატებისაგან; პირველწყაროებისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, განხილულია საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარების შემდგომ პერიოდში დიმიტრი ყიფიანის მეცადინეობა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დასაარსებლად. გადმოცემულია იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეთა შეხედულებანი ბანკის საზოგადოებრივი ხასიათის ორგანიზაციულ და საწესდებო საკითხებზე. ნაჩვენებია ილია ჭავჭავაძის როლი ბანკის დაარსების საქმეში.

საარქივო მასალებზე დაფუძნებით, საუბარია ილიას მიერ ბანკის წესდების შესამუშავებლად და დასამტკიცებლად გაწეულ დიდ შრომაზე; აღწერილია, თუ როგორ მოხდა ილია არჩევა (1873 წ.) საადგილმამულო ბანკის მმართველად და როგორ დატოვა მან ამის გამო სამსახური (ილია დუშეთში მუშაობდა ჯერ მომრიგებელ შუამავლად, შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ 1964 - 1873); ილიას გამგზავრება პეტერბურგში საბანკო საქმის შესასწავლად, ბანკის საქმეების მოსაგვარებლად; აქვე საუბარია პეტერბურგში ილიას მიერ წამოწყებულ სალიტერატურო საქმიანობაზე, კერძოდ, ივანე მაჩაბელთან ერთად "მეფე ლირის" თარგმნის ისტორიაზე;

წიგნს ერთვის ილიას საპროგრამო სიტყვა, წარმოთქმული 1873 წლის 28 იანვარს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა კრებაზე; აღნიშნულია ილიას 30 წლიანი ღვაწლი საბანკო საქმეში.

ზ.ც.

¦ 

ლ. მენაბდე, ილია ჭავჭავაძე, წიგნში: "XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა"; თბ., 1973, გვ. 73-148

 ლევან მენაბდე წარმოაჩენს ილიას დამოკიდებულებას ძველი ქართული ლიტერატურისადმი, რომელიც მწერლისთვის ზოგჯერ შთაგონების წყაროც იყო. გამოკვლევა ცხადყოფს, თუ როგორ ცდილობდა ილია ადრეული ახალგაზრდობიდანვე ღრმად და საფუძვლიანად შეესწავლა ძველი ქართული მწერლობა.

ნაშრომში ვრცლად არის აღწერილი ის პერიოდი, როცა ილიამ "ივერიაში" მოღვაწეობის დროს გარს შემოიკრიბა ქართველოლოგები და თავის გაზეთში საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო ძველი ქართული მწერლობის საჭირბოროტო საკითხები.

საყურადღებოა ილიას მიერ ძველი ქართული ხელნაწერების შეკრებისა და დაცვის, ხელნაწერების სახით წარმოდგენილი მასალების პუბლიკაციისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მუშაობა. ილია მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო ძველი ქართული ნაწერების მეცნიერული აღწერილობის შედგენა და კატალოგების მოწესრიგება. ამ დროს გამოქვეყნებულ მასალებში ვხვდებით შატბერდისა და ათონის კრებულების, ალავერდის სახარების და სხვა მნიშვნელოვან ძეგლთა აღწერილობას. მკვლევრის დაკვირვებით, ილია კარგად იცნობდა ძველი ქართული ნაწარმოებების ხელნაწერებს: "ვისრამიანს", "არჩილიანს", "ქილილა და დამანას". მკვლევარი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში გვხვდება ამონარიდები საღმრთო წერილიდან, სახარებიდან, ციტირებულია აგრეთვე დავით წინასწარმეტყველის, სოლომონ ბრძენისა და სხვათა სიტყვები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მწერლის შემოქმედება ძველი ქართული წყაროებითაც საზრდოობდა.

ნაშრომში გვხვდება ცნობები ილიას ხელმოუწერელი პუბლიკაციის შესახებ, რომელიც ლუარსაბ მეფეს ეძღვნება. რედაქტორმა სპეციალური წერილი უძღვნა დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობასაც და მაღალი შეფასება მისცა მას.

ნაშრომში აღწერილია ილიას ბრძოლა ანტონ კათალიკოსის ლინგვისტური შეხედულებების წინააღმდეგ; ვხვდებით ცნობებს, თუ როგორ მუშაობდა მწერალი "ვისრამიანის" ტექსტზე. მკვლევარი აგრეთვე ეხება "თამარიანის" ილიასეულ კრიტიკას, რამაც დიდი პოლემიკა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.

ილია ჭავჭავძის წერილს "აკაკი წერეთელი და ვეფხისტყაოსანი" მკვლევარი რუსთველის პოემის სერიოზულ და მნიშვნელოვან კრიტიკულ განხილვად მიიჩნევს. ნაშრომში მოცემულია ი. ჯაბადარის მცდარი მოსაზრებების ილიასეული კრიტიკაც "ვეფხისტყაოსნის" შესახებ.

მწერალმა 1899 წელს დაუზოგავად გააკრიტიკა ნიკო მარის უსაფუძვლო მოსაზრებაც "ვეფხისტყაოსნის" სპარსული წყაროებიდან წარმომავლობის შესახებ.

ლევან მენაბდე საგანგებო აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის (რომლის მუდმივი წევრიც იყო ილია) მუშაობას და 1888 წელს "ვეფხისტყაოსნის" ხელახალი ჩინებული გამოცემის მნიშვნელობას.

ნარკვევის დასასრულს, ლ. მენაბდე აღნიშნავს, რომ ილიას ძალზე უყვარდა "დავითიანი". მან მახვილგონივრულად შეაფასა და განსაზღვრა დავით გურამიშვილის ადგილი მწერლობაში, რომლის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად მიაჩნდა ევროპეიზმის შემოტანა ქართულ კულტურაში.

  ქ. შ.

¦ 

ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა; გამომც.: "საბჭოთა საქართველო", თბ., 1988

ქართული ჟურნალისტიკათმცოდნეობა არსებითად ილია ჭავჭავაძიდან იწყება. ის, რომ ქართული ჟურნალისტიკათმცოდნეობის ფუძემდებლობა ილიას რომ წილად ხვდა, სრულიად კანონზომიერია. ამ შემთხვევაში, ობიექტურ-სუბიექტური მხარეების სასურველ შერწყმასთან გვაქვს საქმე. სამამულო პრესას სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ეძლევა ფართო გასაქანი. ილია ტერმინ "ჟურნალისტიკის" სინონიმად ხშირად ხმარობს "ლიტერატურას" და "მწერლობას" და ეს შემთხვევითი არ არის. "ჟურნალ-გაზეთობა,- ამბობდა ილია,- არის ერთგვარი ნაწილი მწიგნობრობისა".

წიგნში ნაჩვენებია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია პუბლცისტიკას და როგორი წარმატებით მუშაობდა ამ სფეროში. განხილულია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები. ყურადღება გამახვილებულია იმ ხერხებსა და მეთოდებზე, რომელთა მომარჯვებითაც აღწევდა ჟურნალისტიკა თვალსაჩინო წარმატებებს.

მკვლევარს ილია-რედაქტორის შემოქმედებით ლაბორატორიაშიც შევყავართ.

წიგნი შედგება შემდეგი თავებისაგან: 1. ჟურნალისტური შეხედულებანი; 2. პუბლიცისტური ჰორიზონტები; 3. ფელეტონი; 4. მიმოხილვა; 5. პოლემიკური ოსტატობა; 6. დეტალის გამოყენება; 7. ილია რედაქტორი; 8. დასაბუთება და 9. ბოლოთქმა.

შ. კ.

 ¦

ა. ჯორჯაძე, პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე; წიგნში: არჩილ ჯორჯაძე, "წერილები", თბ., მერანი, 1989

ნარკვევი პირველად "მოამბეში" დაიბეჭდა 1901 წელს, მეორედ - 1911- 1914 წლებში ხუთ წიგნად გამოცემულ თხზულებათა კრებულში გამოქვეყნდა. 1989 წლის გამოცემა ამ წერილის რიგით მესამე პუბლიკაციაა.

წერილში არჩილ ჯორჯაძე პასუხს სცემს ორ ძირითად კითხვას: რა ხასიათისა იყო ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მოძღვრება და რა მიმართულება ჰქონდა მას საზოგადოებრივი და ეკონომიკური საკითხების განმარტებაში. აქედან გამომდინარე, ავტორის მიზანია სრულყოს ილია ჭავჭავაძის, როგორც "საზოგადოებრივი მწერლისა" და "ეროვნული პუბლიცისტის" სახე; ავტორი მიიჩნევს, რომ "პოლიტიკური სიმბოლო ილია ჭავჭავაძისა გამოისახება ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაში" და ვრცლად ეხება იმ საკითხს, თუ როგორ წარმოედგინა ილიას ეროვნული ცხოვრების აღორძინება.

არჩილ ჯორჯაძის დასკვნით, ილიამ "გაასამართლიანა და დააკანონა" პატრიოტიზმის გრძნობა. მან დაუდო საფუძველი ჩვენს ეროვნულ პროგრამას თავისი პუბლიცისტური ნააზრევით.

არჩილ ჯორჯაძე კრიტიკულად შენიშნავს, რომ წიგნში "ქართული პრესა" ნოე ჟორდანია არ აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის ნაწერების ეროვნულ მხარეს და ამას შეუწყნარებლად მიიჩნევს. თავად არჩილ ჯორჯაძეს სწორედ ეროვნული საკითხი მიაჩნია ილიას მოღვაწეობის საუკეთესო ნაწილად; იგი აფასებს ილიას ნააზრევს ენისა და ქრისტეს სჯულის შესახებ; თვლის, რომ მისი მოსარჩლეობა არ ყოფილა ცრუ პატრიოტული ხასიათისა და ის დაფუძნებული იყო დაფიქრებაზე, ფაქტებზე, ცოდნასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.

წერილში ასევე საუბარია ილიას ფილოსოფიურ ნააზრევსა და სოციოლოგიურ თემებზე, მის დამოკიდებულებაზე ქალაქის მრეწველობასა და სათავადაზნაურო ბანკებთან. ხაზგასმულია, რომ ილია ჭავჭავაძე არასოდეს მიდიოდა უკიდურესობამდე, იცავდა ზომიერებას; როგორც პუბლიცისტი, იკვლევდა ახალი ცხოვრების ეკონომიკურ პირობებს.

ზ. ც.

 ¦

 ე) ილია და ქართული ენის საკითხები

 ნ. კანდელაკი, ილია ჭავჭავაძე, წიგნში: "ქართული მჭევრმეტყველება: ქართველი ორატორები"; წ. 1, თბ., 1975, გვ. 365-377

ნიკოლოზ კანდელაკის წერილში გადმოცემულია, როგორ იბრძოდა ილია Qჭავჭავაძე საერთო-სახალხო ქართული ენის დაცვისა და სრულყოფის, მისი გამოცოცხლებისა და განვითარებისათვის.

ნაშრომში ვხვდებით მასალას, თუ რა მიზანდასახული თავგამოდებით მეურვეობდა დიდი ილია ცოცხალ მეტყველებას და იცავდა მას ყოველგვარი ხელყოფისაგან. აქ აღწერილია, აგრეთვე, მისი დამოკიდებულება ორატორულ მეტყველებასა და სიტყვაკაზმულ მწერლობასთან; ყურადღება ეთმობა ილიასეულ შეხედულებებს მხატვრული სიტყვის ოსტატობისა და პაექრობა-კამათის შესახებ.

ავტორის აზრით, მწერალმა განსაკუთრებული უნარი სადღესასწაულო სიტყვების წარმოთქმაშიც გამოიჩინა და სწორედ ეს წარმოადგენს მისი კვლევის ძირითად საგანს; გარდა ამისა, წერილში შეფასებულია ილიას დამსახურება მხატვრული კითხვის სარბიელზე.

ნიკოლოზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ ილია ჭავჭავაძის ორატორული შემოქმედების საგანძურს გამორჩეულად ამშვენებს სხვადასხვა შემთხვევაში წარმოთქმული ექვსი სიტყვა, კერძოდ: 1. სიტყვა, თქმული გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე (1883); 2. სიტყვა, თქმული წინამძღვრიანთ-კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე (1883); 3. სიტყვა, თქმული იოსებ დავითაშვილის პანაშვიდზე (1887); 4. სიტყვა, თქმული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე (1893); 5. სიტყვა, თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე (1896); 6. სიტყვა, თქმული ევგენი მარკოვის მიმართ (1899) რუსულ ენაზე.

 ქ. შ.

¦

ა. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე და სალიტერატურო ქართული ენის ერთიანობის საკითხი; ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", თბ., 1978, #6, გვ. 2-5

სამეცნიერო ნარკვევი ეხება ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ენობრივი საკითხებისადმი. ქართული სალიტერატურო ენა უნდა ყოფილიყო ერთიანი როგორც სინქრონული (დიალექტური), ისე დიაქრონული (ქართული ენობრივი ტრადიციის სხვადასხვა ეტაპი) ფაქტორების გათვალისწინებით. ამავე დროს, სამწერლობო ენა მსჯელობისა თუ აღწერის ობიექტის მიუხედავად უნდა დამორჩილებოდა პრინციპულად ერთსა და იმავე კანონებისა და "სტილს”. ნარკვევში წარმოდგენილია ილიას დამოკიდებულება სამი სტილის თეორიისადმი და, შესაბამისად, ენის ხალხურობისადმი (ენის დინამიკური ბუნებიდან გამომდინარე), აგრეთვე საუბარია ენის მიმართებაზე დიალექტებისა და სალიტერატურო ტრადიციებისადმი. შესწავლილია ილიას პრინციპული დამოკიდებულება დედაენის სწავლების მნიშვნელობისადმი.

ქ. ნ.

 ¦

ა. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ; სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალი, აკდ. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიის და მატერ. კულტ. ინსტიტუტი;  თბ., 1938

ნაშრომი იძლევა პასუხს კითხვაზე: რა თეორიულმა საენათმეცნიერო კონცეფციებმა პოვეს გამოხატულება ენის შესახებ კამათში ძველ თაობასა და ილია ჭავჭავაძეს შორის და რა ადგილი უჭირავთ მათ ენათმეცნიერული აზროვნების ისტორიაში; ანალიზამდე საუბარი ეხება კამათის საგანს: ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების პროცესი არსებითად დამთავრებული იყო XVIII საუკუნის დამლევისთვის; ამ ენის სარბიელს წარმოადგენდა სამეფო კანცელარია და სასამართლო, ისტორიული თხზულებანი, ლიტერატურა. ახალი სალიტერატურო ქართულის ნიმუშად დასახელებულია XVIII ს.-ის დიდი მწერლის, დავით გურამიშვილის ენა (მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა-ფრაზეოლოგია). მისი ორთოგრაფია მიჩნეულია უფრო მარტივად, "ვინემ მეცხრამეტე საუკუნის მესამოცე წლების ახალი ქართულისა"; არც ერთი ზედმეტი ასო მასთან არ გვხვდება (იგულისხმება ის 5 ასო, რომლებიც ილია ჭავჭავაძემ ამოიღო ხმარებიდან).

ახალი სალიტერატურო ქართულის ნორმალური განვითარების ხელისშემშლელად დასახელებულია ანტონ კათალიკოსი და მისი სკოლა, რომელიც XVIII ს.-ის 60-იანი წლებიდან XIX ს.-ის 60-იან წლებამდე განაგებდა სალიტერატურო ქართულის ბედს. სამი სტილის თეორიამ მეცნიერებისა და ლიტერატურის სარბიელიდან განდევნა გურამიშვილის, სულხან-საბას, პაპუნა ორბელიანის ენა; ნაშრომში, მსჯელობის კვალობაზე, მოხმობილია ენობრივად განსხვავებული მეტყველების ნიმუშები. ნაშრომის ამ მონაკვეთის დასკვნა ასეთია: 60-იან წლებში გაჩაღებული ბრძოლა ახალი ქართულისათვის, ობიექტურად, იყო ბრძოლა არა ახალი ენის შესაქმნელად, არამედ შექმნილისა და უკვე არსებულის გამოყენებისათვის ლიტერატურაში, ბრძოლა ახალი ქართულის (სამი სტილის თეორიის წყალობით) დაკარგული უფლების აღდგენისათვის.

ნაშრომში საუბარია ალ. ჯამბაკურ-ორბელიანისა და ბაქარ ქართლელის (დიმ. ბაქრაძე) მცდარ დამოკიდებულებაზე სალიტერატურო ენის საკითხთან. ასეთ პირობებში ილიას მიერ წამოყენებული დებულება: ხალხის ენა, ე. ი. "გლეხკაცის მეტყველება" სალიტერატურო ენა უნდა იყოსო, შეფასებულია უდიდეს მოქალაქეობრივ გმირობად.

ილიას ბრძოლა სალიტერატურო ქართული ენისათვის შეფასებულია, როგორც სწორი, საზოგადოებრივად მართალი, ისტორიულად საბუთიანი. ამით იყო განპირობებული ილიას გამარჯვება; განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ ილია ჭავჭავაძემ მართლწერის ზოგადი თეორიული პრინციპებიდან ამ კამათში მართლწერის სიმარტივის პრინციპი წამოაყენა და ის მტკიცედ დაიცვა.

ზ. ც.

 ¦

გ. შალამბერიძე, ილია ჭავჭავაძის ენა; თბ., 1966

გიორგი შალამბერიძე განიხილავს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში სამწერლობო ენის საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ შეხედულებებს. აქ გადმოცემულია ამ პერიოდში მოღვაწე სხვადასხვა მწერლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და ილია ჭავჭავაძის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ენობრივი კონცეფცია სალიტერატურო ქართული ენის შესახებ.

წიგნში შესწავლილია მწერლის ენათმეცნიერული შეხედულებები; დიალექტიზმები ილია ჭავჭავაძის ენაში ფონეტიკურ, გრამატიკულ თავისებურებათა ფონზე; მისი სტილისტური ნიშნები; ასევე განხილულია ილია ჭავჭავაძის პოეზიის, პროზის და პუბლიცისტიკის ენა; ილიას მოსაზრებები Qქართული ენის შესახებ, მისი პოემებისა და ლექსების, მოთხრობების, პუბლიცისტური შემოქმედების ენობრივი სახასიათო ნიშნები და მწერლის მიერ ენის ექსპრესიულობის გასაძლიერებლად გამოყენებული Fფორმები; გათვალისწინებულია ხალხური მეტყველების როლიც მწერლის შემოქმედებაში.

მოცემული მასალის საფუძველზე ნაჩვენებია ილია ჭავჭავაძის მნიშვნელობა ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. დასაბუთებულია, რომ მწერალი საკუთარ მოსაზრებებს პრაქტიკულად ავლენდა თავის შემოქმედებაში.

 ქ. შ.

 ¦

ზ. ჭუმბურიძე, ილია ჭავჭავაძის ენა და ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი; თბ., "მეცნიერება", 1994

 ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიულ გამოკვლევას, რომელიც გვიჩვენებს ილია ჭავჭავაძის უდიდეს ნოვატორულ მოღვაწეობას ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და სრულყოფისათვის. ათეული წლების მანძილზე მწერლის ენამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა, რაც გარკვეულ სიძნელეებს ქმნის ილიას თხზულებათა ტექსტის დადგენისას. ნაშრომში, მდიდარ საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით, ნაჩვენებია ილიას ენის თავისებურებანი და დასაბუთებულია ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს მწერლის თხზულებათა აკადემიურ გამოცემას.

წიგნი შედგება შესავლისა და რვა თავისაგან: 1. ორთოგრაფიის რეფორმა; 2. ბრძოლა ენის ხალხურობისათვის; 3. ილია და ძველი ქართული; 4. ბრძოლა ლექსიკის გასამდიდრებლად; 5. თათბირი ენის საკითხებზე "ივერიის" რედაქციაში; 6. "განდეგილის" ავტოგრაფი და გამოცემები; 7. თხზულებათა ოთხტომეული (იგულისხმება ილიას სიცოცხლეში განხორციელებული 1892 წლის გამოცემა), როგორც წყარო ტექსტის დადგენისათვის და 8. ნორმათა დადგენის ზოგი საკითხი.

დასკვნაში აღნიშნულია ის დამსახურება, რაც ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის დედაენის განვითარებაში. ამ საკითხს პოეტის ეროვნულ კონცეფციაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა.

 შ. კ.

¦ 

 ვ) ლიტერატურული ურთიერთობები

 დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში; გამ. "საბჭოთა საქართველო", თბ., 1981

წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ შემოქმედებითად იყენებდა ილია ჭავჭავაძე გერმანული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლების პროგრესულ შეხედულებებს და გაანალიზებულია გერმანული კლასიკური პოეზიის ნიმუშთა ილიასეული თარგმანები.

გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნულია ილიას დამოკიდებულება ლესინგთან, რომელსაც მხატვრული შემოქმედების ერთადერთ წყაროდ და საგნად ცხოვრება მიაჩნდა. საუბარია იმაზე, რომ ილია წერილებში ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე ხშირად მიმართავდა "ლაოკოონს"; ილიაც, ლესინგის მსგავსად, ხელოვნების მთავარ ამოცანად ჭეშმარიტების გამოსახვას მიიჩნევდა, ხშირად იმოწმებდა გერმანელ კრიტიკოსს. ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ლესინგისა და ილიას შეხედულებები ხშირად ემთხვეოდა. წიგნში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მათ თვალსაზრისთა სიახლოვე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნაწერებში თეატრზე, დრამატულ ნაწარმოებებზე.

წიგნში საგანგებოდაა აღნიშნული ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება გოეთესთან - დაინტერესება გოეთეს შემოქმედების შესწავლით (სტუდენტობის წლებში); ამავე პერიოდში ილიას კრიტიკული და, იმავდროულად, მოკრძალებული დამოკიდებულება გოეთესადმი; აქვეა საუბარი ილიას "პოეტისა" და გოეთეს ლექსის "ვმღერი, როგორც ჩიტი" შესახებ; ასევე, აღნიშნულია, რომ "ცივ" და "მიუკარებელ" გოეთეს ილია იმ შემოქმედად თვლიდა, რომლის ნაწარმოებებში აზრისა და გრძნობის დიდი ძალა ჩანდა. საუბარია ილიას თარგმანებზე წიგნის მომდევნო ნაწილი ეხება ილიას დამოკიდებულებას შილერისადმი, რომლის მსგავსადაც იგი საგანგებო როლს ანიჭებდა ხელოვნებას, პოეზიას, როგორც ერის ხელთუქმნელ საგანძურს; საუბარია ილიას შეხედულებებზე ზნეობრივ საკითხთან დაკავშირებით და მის განსხვავებულ კონცეფციაზე.

წიგნის ბოლო ნაწილი ეხება ჰაინეს პოეზიასთან ილიას დამოკიდებულებას, თარგმანებს და "მიბაძვებს" ჰაინედან.

ზ.ც.

 ¦

 შ. რევიშვილი, უცხოელი მწერლები ილია ჭავჭავაძის კონცეფციაში; წიგნში: "ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობიდან", თბ., 1969

წიგნში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება იმ საზღვარგარეთელი ავტორებისადმი, რომლებიც მის პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებში არიან მოხსენიებულნი; აგრეთვე იმ მწერლებისადმი, რომლებსაც ილია თარგმნიდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ნარკვევში აღნიშნულია, რომ ილიას შემოქმედების უმნიშვნელოვანეს შენაკადს (ქართული ორიგინალური და რუსული მწერლობის გარდა) წარმოადგენს უცხოური მხატვრული ლიტერატურა, სახელდობრ, მოლიერის, შექსპირის, ბაირონის, თომას მურის, ანდრე შენიეს, რიუკერტის, ერაზმ როტერდამელის, რაბლეს და სხვათა ნააზრევი ან მხატვრული ტექსტები. ავტორის აზრით, ილიას შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული თემატიკა ხდება აქტუალური: თეატრის საკითხებთან დაკავშირებით იგი ეყრდნობა მოლიერს, შექსპირს; რევოლუციური სულისკვეთების პერიოდს უკავშირდება ბაირონით დაინტერესდება. შემოქმედებაში მისტიკური ტენდენციების გამძაფრებას რიუკერტის სახელთან მივყავართ, აღმზრდელობით საკითხებში ილია საერთოს პოულობს რაბლესთან და ა. შ. ნარკვევში პრინციპულად არის ხაზგასმული ილიას ფრთხილი და ზომიერი დამოკიდებულება საზღვარგარეთული ლიტერატურის მიმართ, რამდენადაც, მისი თვალთახედვით, მწერალი/კრიტიკოსი, რომელიც თავისი ერის ხელოვნებას არ იცნობს და სათანადოდ არ აფასებს, კომპეტენტურად ვერც სხვა ხალხის ლიტერატურას შეაფასებს.

ქ. ნ.

¦ 

გ. შარაძე, ილია ჭავჭავაძე და ივანე ტურგენევი; წიგნში: "პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე: რამდენიმე ეპიზოდი საქართველო-რუსეთის კულტ. - ლიტ. ურთიერთობიდან (XVII –XIX სს.)", თბ., 1986, გვ. 65-79

გურამ შარაძის ნაშრომში - "ილია ჭავჭავაძე და ივანე ტურგენევი" - მოკვლეულია მასალა, რომელიც ივანე ტურგენევის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის შემოქმედებას ეხება.

ამ გამოკვლევაში ავტორი საუბრობს ივანე ტურგენევის ილია ჭავჭავაძისეულ თარგმანებზე; ეს ნაწარმოებები 1883 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა თბილისში, ჟურნალ "ივერიის" მე-12 ნომერში, სათაურით: "ლექსნი პროზითა".

რაკი აღნიშნული თარგმანები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული, მკვლევარს თავის ნაშრომში მოჰყავს ყველა ტექსტი: "მუსაიფი", "ბებერი დედა-კაცი", "ძაღლი", "მთხოვარა", "გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა", "სულელი" და "ბეღურა".

გურამ შარაძის გამოკვლევაში გამოყოფილია ქვეთავი - "ერთი სტრიქონის კვალდაკვალ", სადაც ნაჩვენებია ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება გ. დერჟავინისა და ალექსანდრე გრიბოედოვის შემოქმედების მიმართ.

 ქ. შ.

 ¦

 ზ) საიუბილეო კრებულები

 ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ., 1939

აღნიშნული კრებული 1937 წელს უნდა გამოსულიყო, რადგან ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, მაგრამ 1939 წელს დაიბეჭდა. ის სამი განყოფილებისგან შედგება: წერილები, მოგონებები და დოკუმენტები. პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: ა. შანიძის, მიხ. ზანდუკელის, სიმ. ხუნდაძის, ი. გრიშაშვილის, შ. რადიანის, ვ. კაკაბაძის, გ. აბზიანიძის, გ. თავზიშვილის, ნ. ტატიშვილის, პ. გუგუშვილის, ალ. ბარამიძის, ა. ჩხეიძის, ნ. ურუშაძის და აპ. მახარაძის წერილები, რომლებშიც მიმოხილულია ილიას მრავალმხრივი მოღვაწეობა, კერძოდ, აღნიშნულია მისი ღვაწლი ახალი სალიტერატურო ქართულის დამკვიდრებაში, ილია დახასიათებულია როგორც კრიტიკოსი, როგორც აღმზრდელი, სატირიკოსი, როგორც ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის ლიდერი; ილიას მოღვაწეობა ჟურნალ "ცისკარსა" და "საქართველოს მოამბეში"; წარმოდგენილია პოეტის ახალი ავტოგრაფები, გავლებულია პარალელი ილიას შემოქმედებასა და ფრანგულ ლიტერატურას შორის, ასევე შედარებულია ილიასა და ლერმონტოვის, ილიასა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. საგანგებო ყურადღება ეთმობა ილიას დამოკიდებულებას ქართული თეატრისა და ძველი მწერლობისადმი (კერძოდ, "ვისრამიანისადმი")

პოეტთან ურთიერთობის ეპიზოდებს იგონებენ: ა. ახნაზაროვი, ილ. ზურაბიშვილი, თ. სახოკია, ეკ. გაბაშვილი, ალ. მიქაბერიძე.

"დოკუმენტებში" წარმოდგენილია "აჩრდილის" და პიესა "მაჭანკალის" ავტოგრაფები. პიესა "კაცია-ადამიანის?!" მიხედვითაა დაწერილი და ი. გრიშაშვილის შესავალი და განმარტება ახლავს. ამავე რუბრიკაში იბეჭდება სხვადასხვა პირებისადმი მიძღვნილი ილიას ეპისტოლური მემკვიდრეობა.

კრებულს ახლავს ილიას ბიბლიოგრაფია (1861-1907 წლები) და საკუთარ სახელთა საძიებელი.

 შ. კ.

 ¦

ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ., 1957

აღნიშნული კრებული ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში ცნობილი ქართველი მეცნიერების ნარკვევები და წერილებია დაბეჭდილი. წიგნში შესულია 16 სტატია:

დავით გამეზარდაშვილის წერილში "ილია ჭავჭავაძე -ახალი ქართული ლიტერატურის Fფუძემდებელი" განხილულია ილიას ლირიკა, პოემები, პროზა. ალექსანდრე ბარამიძე ნარკვევში "ილია ჭავჭავაძე და ძველი ქართული მწერლობის საკითხები" საუბრობს ილიას დამოკიდებულებაზე ისტორიზმის პრინციპებთან; ილიას როლზე ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა გამოცემაში; ილია რუსთაველის, სულხან-საბას, გურამიშვილის, რომანტიკოსების შესახებ.

აკაკი ხინთიბიძე სატატიაში "ილია ჭავჭავაძის ლირიკის ფორმა", რომელშიც განხილულია 80 ლექსი, მსჯელობს ქართველ რომანტიკოსებთან ილიას ურთიერთობის საკითხზე; ილიას ლექსების მეტრსა და რიტმზე; მის პოეტურ ოსტატობაზე.

ქსენია სიხარულიძემ ნარკვევში "ილია ჭავჭავაძის პოემების ხალხური წყაროები" მიმოიხილა ილიას ფოლკლორულ-შემკრებლობითი მუშაობა; ილიას წერილები ქართული ფოლკლორის შესახებ.

ვალერიან ითონიშვილი თავის სტატიაში შეეხო ეთნოგრაფიული მასალების გამოყენების საკითხს ილია ჭავჭავაძის მხატვრულ ნაწერებში.

იოსებ გრიშაშვილი ვრცლად მსჯელობს ილია ჭავჭავაძის როლზე ქართული თეატრის განვითარების საქმეში

ივანე ჯავახიშვილის წერილში "ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია" დადებითადაა შეფასებული ილიას მსჯელობა საისტორიო კვლევა-ძიების, შედარებითი მეთოდის, ლინგვისტური ანალიზითა და დაკვირვებებით მოპოვებული დასკვნების შესახებ.

გიორგი აბზიანიძე გვაცნობს ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულებას ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი. საუბარია ნ. ნიკოლაძის მიერ განხილულ ილიას ნაწარმოებებზე: "გლახის ნაამბობი", "კაკო ყაჩაღი", "მგზავრის წერილები"; ასევე - პოეზიაზე.

სოლომონ ხუციშვილი ეხება ილია ჭავჭავაძის პირველ კრიტიკოსებს: ნიკო ბერძენიშვილს, ღვიმელს (სავარაუდოდ, სამსონ დვანაძე), დიმიტრი ჯანაშვილს, ანტონ ფურცელაძეს;

ივანე ქავთარაძის წერილში "ილიას ქართული" საუბარია პერსონაჟთა მეტყველების ზოგიერთ თავისებურებაზე ილიას პროზაში. ვუკოლ ბერიძე სტატიაში "ილია ჭავჭავაძე - ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელი და დამცველი" გვესაუბრება ილიას როლზე სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში;

გიორგი თავზიშვილის ნარკვევში "ილია ჭავჭავაძე და ქართული პედაგოგიკა" მოცემულია ილიას შეხედულებები გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა-განვითარების შესახებ.

მიხეილ ზარქუა თავის წერილში ეხება გაორებული პიროვნების ტრაგედიას; მკვლევარი ცდილობს წარმოგვიდგინოს ილია ჭავჭავაძის განდეგილის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ვ. გაგოძე მსჯელობს ილია ჭავჭავაძის ფილოსოფიურ შეხედულებებზე. ნაშრომში მოცემულია ცნობები ილიას რუსული და დასავლეთ ევროპის კულტურით დაინტერესების შესახებ;

აკაკი კენჭოშვილი ეხება ტრადიციისა და ნოვატორობის საკითხს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში. ამბერკი გაჩეჩილაძე კი გვთავაზობს მასალებს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის. საუბარია ილია ჭავჭავაძის გვარის გენეალოგიის ახალ ვერსიაზე.

ზ.ც.

¦ 

ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ., 1977

კრებული, რომელიც მიეძღვნა მწერლის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 70 წლისთავს, ამომწურავად წარმოგვიდგენს მის შემოქმედებას. წიგნში თავმოყრილია წერილები, რომლებიც შეეხება ილიას ცალკეულ ნაწარმოებთა შემოქმედებით ისტორიას, ასევე მისი მწერლობის, როგორც მთლიანობის თემატურ-მსოფლმხედველობრივ ნიუანსებს. გადმოცემულია ილიას დამოკიდებულება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა თარგმანის თეორია, პუბლიცისტიკა, სამართალმცოდნეობა და სხვა სფეროები, რომელთა განვითარებაშიც ილიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. კრებული სხვადასხვა რაკურსით საფუძვლიანად წარმოგვიჩენს ილიას, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს.

კრებულში შესულია გიორგი ჯიბლაძის - "ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის ზოგიერთი საკითხი", ლადო მინაშვილის – "ილია ჭავჭავაძის "აჩრდილის" შემოქმედებითი ისტორიისთვის". სოლომონ ხუციშვილის - "ილია ჭავჭავაძის სიტყვები და გამოსვლები", ქეთევან ბურჯანაძის - "ილია ჭავჭავაძე და მხატვრული თარგმანი", გულნარა კალანდარიშვილის – "თავდადების იდეა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში", შოთა გაგოშიძის – "ილია ჭავჭავაძე პრესის როლის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში", ნოდარ ტაბიძის – "ილია ჭავჭავაძის პოლემიკური ოსტატობის შესახებ", აკაკი სურგულაძის – "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი მედროშე", ვალერიან მეტრეველის – "ლია ჭავჭავაძე სამართლისა და მართლმსაჯულების შესახებ", ლევან მენაბდის - "ძველი ქართული მწერლობის საკითხები ი. ჭავჭავაძის "ივერიაში", ვახტანგ იმნაიშვილის – "ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილი", რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ავსტრიელი ენათმეცნიერის, ჰუგო შუხართის ურთიერთობას ეხება.

 ქ. ნ.

¦ 

ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული 150, თბ., 1987

კრებული მიეძღვნა ილიას დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავს. მასში წარმოდგენილ წერილებში მწერლის შემოქმედება სხვადასხვა ასპექტშია განხილული.

 ბესარიონ ჯორბენაძის სტატიაში "ქართული ენის დიდი მოამაგე", საუბარია ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საქმეში ილიას მიერ გაწეულ ღვაწლზე. ნოდარ ტაბიძე თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს დეტალის გამოყენების ილიასეულ ოსტატობაზე. ლევან მენაბდის ნარკვევში "ილია ჭავჭავაძე და დავით გურამიშვილი" ნაჩვენებია, რომ ილიასათვის შთაგონების ერთ-ერთი წყარო სწორედ "დავითიანი" იყო, რომლის აღიარებისა და პოპულარიზაციის საქმესაც მან დიდი ამაგი დასდო. ვ. შადური სტატიაში "ილია ჭავჭავაძე და ყაზბეგი" განიხილავს შემოქმედებით კავშირებს ილიას, ალექსანდრე ყაზბეგსა და მის ბიძაშვილებს - გიორგისა და დიმიტრის შორის.

კრებულში აგრეთვე შეტანილია შემდეგი ნაშრომები: თ. სანიკიძის "ილია ჭავჭავაძის ლექსიკის შესახებ"; ა. ხინთიბიძის "ილიას ნატვრა და იმედი"; ვ. ვახანიას "რამდენიმე შენიშვნა ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" შესახებ"; ლ. გორგილაძის "ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის ადგილისათვის ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორიაში". მ. ძაძამიასა და ლ. შატბერაშვილის "ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე ქართულ პროზის ზოგიერთი ასპექტი"; მ. გაფრინდაშვილის "ილია ჭავჭავაძე და თანამედროვეობა", გრ. თოდუას "ილია ჭავჭავაძე და პოლიტიკური ეკონომიკის აქტუალური საკითხები", ტ. სართანიას "ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზების შესახებ", ლ. გოდერიძის "ილია ჭავჭავაძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", ს. ხუციშვილის "ილია ჭავჭავაძის "ახლობელნი და შორეულნი", ლ. ფერაძის "სამზადისი ილიას პირველი იუბილესთვის", უ. ობოლაძის "ილია ჭავჭავაძე და ახალგაზრდობის აღზრდის საკითხი", ო. ბაქანიძის "ილია ჭავჭავაძე და უკრაინა" და მ. სურგულაძის "ილია ჭავჭავაძე და და-ძმა უორდროპები"..

 ქ. შ.

 ¦

 თ) თემატური კრებულები

 ილია ემიგრანტთა თვალით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბ., ტ.I, "ლომისი", 1996

 წიგნში, ძირითადად, თავმოყრილია 1920-1990-იანი წლების ქართული ემიგრანტული ჟურნალ-გაზეთებიდან და ქართველი ემიგრანტების მიერ გამოქვეყნებული წიგნებიდან ამოკრებილი ის წერილები, მოგონებები და ლექსები, რომლებიც მიძღვნილია ილია ჭავჭავაძისადმი. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართველ ემიგრანტთა პირველი თაობის წარმომადგენელთა – მწერალთა, მეცნიერთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა (გრიგოლ რობაქიძის, ვიქტორ ნოზაძის, მიხეილ წერეთლის, რევაზ გაბაშვილის, სპირიდონ კედიას, ნოე ჟორდანიას, გიორგი ჟურულის, სიმონ ბერეჟიანის, გიორგი ყიფიანის, შალვა ამირეჯიბის, ვლასა მგელაძის, ალექსანდრე ასათიანის, თამარ პაპავას, გრიგოლ ურატაძის, გიორგი კერესელიძის, გრიგოლ დიასამიძის, დავით ვაჩნაძის, გივი კობახიძის, გიორგი გამყრელიძის, მიხეილ წერეთლის, კალისტრატე სალიას, ალექსანდრე მანველიშვილის, შალვა კალანდაძის, ილია კუჭუხიძის (მინდია ლაშური), ივანე ზურაბიშვილის, დავით ვაშაძის, რუბენ ყიფიანის, პავლე სარჯველაძის და სხვ.) წერილები და მოგონებები. მათში ვხვდებით არაერთ მნიშვნელოვან ცნობას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ წერილებმა და მოგონებებმა შემოგვინახა.

წიგნს ახლავს შენიშვნები, სადაც აღნიშნულია სად და როდის დაიბეჭდა მოცემული სტატია.

 შ კ.

¦ 

 ილია ემიგრანტთა თვალით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბ., ტ.II, "ლომისი", 1996

 კრებული მოიცავს ქართველ ემიგრანტ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებს, მოგონებებს, ლექსებს, მოძღვნილს ილია ჭავჭავაძისადმი. წიგნში გამოკვეთილია უცხოეთში მოღვაწე ქართველთა დამოკიდებულება ილიას პიროვნების, მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისადმი. კრებულში შესულია ისეთი გამორჩეული მოაზროვნეების წერილები და მოგონებები, როგორებიც არიან: ვიქტორ ნოზაძე, მიხეილ წერეთელი, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ გაბაშვილი, სპირიდონ კედია, ალექსანდრე მანველიშვილი, გრიგოლ დიასამიძე და სხვები.

კრებულში მოთავსებულია გ. წერეთლის 4 წერილი: "ილია და საქართველოს უკვდავი სული", "თერგის დალევა", "ვინ მოჰკლა ილია?", "ნოე ჟორდანია - 120 წლისთავი". ამ წერილთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა უკანასკნელი, რომელშიც ავტორი მსჯელობს ილიასა და ნოე ჟორდანიას ურთიერთობებზე პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით.

გრიგოლ რობაქიძის წერილში - "ქართული პროზისთვის" - აღნიშნულია, რომ XIX ს.-ში ქართული პროზის გამართვა ილია ჭავჭავაძეს დააწვა ტვირთად. მისსავე წერილში "ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ტრაგედია", ნათქვამია, რომ ილიას მრავალმხრივი ღვაწლის მთავარი მუხლი მშობელი ერის ტრაგიკული სიყვარული და შემოქმედებითი ტანჯვაა.

ილია ჭავჭავაძეზე მოგონებების ავტორები არიან: ვლასა მგელაძე, ელენე აფხაზი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ირაკლი ოთხმეზური, გიორგი ტოგონიძე და სხვა.

წიგნში დაბეჭდილია სიმონ ბერეჟიანის, გივი კობახიძის, დავით საღირაშვილის, გიორგი ყიფიანის, ირაკლი ოთხმეზურის ლექსები ილია ჭავჭავაძისადმი.

კრებულის ბოლო გვერდებზე მოცემულია ცნობები ავტორთა შესახებ, დართულია შენიშვნები.

 ზ.ც.

¦ 

ილიას სამრეკლო, თბ., 1987

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო კრებული მოიცავს ორ ნაწილს: პირველ ნაწილში, რომლის სახელწოდებაა "შენი საქმეები და ღვაწლი თავისთავად ღაღადებენ", წარმოდგენილია ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილები ილია ჭავჭავაძის შესახებ XIX საუკუნის 60-იანელებიდან წიგნის გამოცემის პერიოდის მოღვაწეთა ჩათვლით. კრებული წარმოადგენს მწერალს სხვადასხვა კუთხით. მასში თავმოყრილია სხვადასხვა თემატიკის წერილები: ილიას საზოგადოებრივ საქმიანობაზე, მის პიროვნულ თავისებურებებზე, მის ღვაწლზე ქართული თეატრის განვითარების საქმეში, მის დამოკიდებულებებზე ენობრივი საკითხების მიმართ. ამ ნაკვეთში წარმოდგენილია წერილები, ნარკვევები თუ ამონარიდები შემდეგ ცნობილ მწერალთა და მეცნიერთა თხზულებებიდან: აკ. წერეთელი, ი. ნიკოლაძე, ნ. ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ს. მგალობლიშვილი, გრ. ყიფშიძე, კალ. ცინცაძე, კ. აბაშიძე, ე. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, აკ. შანიძე, მიხ. ჯავახიშვილი, თ. სახოკია, ნ. ლორთქიფანიძე, ვ. ბარნოვი, ს. შანშიაშვილი, გ. ტაბიძე, ი. გრიშაშვილი, გ. ქიქოძე, კ. გამსახურდია, დ. უზნაძე, ტ. ტაბიძე, ი. იმედაშვილი, ჰ. აბაშიძე, ვახ. კოტეტიშვილი, არნ. ჩიქობავა, კ. ნადირაძე, ნ. კანდელაკი, გრ. კიკნაძე, გ. ლეონიძე, ს. ჩიქოვანი, ვ. გაბესკირია, ა. გაწერელია, კ. ჭიჭინაძე, ლ. ასათიანი, ნ. დუმბაძე, გ. ასათიანი, ა. ლაისტი.

 მეორე ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მკვლელობასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა: ილიას მკვლელობის შესახებ განცხადებები, მის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვები, მისი გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ლექსები. ამასვე ერთვის სამგლოვიარო წერილებისა და დეპეშების ტექსტები და სხვა დოკუმენტები. მასალა ამოღებულია 1907 წელს ბაქოს ქართველთა ამხანაგობის მიერ დაბეჭდილი კრებულიდან "ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება".

 ქ.ნ.

 ¦

მოგონებები გარდასულ დღეთა, ილია; თბ., "მერანი", 1987

კრებული ილიას დაბადების 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. შემდგენლებმა მიზნად დაისახეს, ერთ წიგნში მოეყარათ თავი ცალკეულ კრებულებსა თუ სხვადასხვა ავტორების თხზულებათა გამოცემებში გაბნეული მოგონებების ერთი ნაწილისათვის. მასალა წარმოდგენილი შერჩევით და შეიცავს საგულისხმო ცნობებს ილიას პიროვნულ თვისებებსა და მოღვაწეობის დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე.

მოგონებებს წინ უძღვის რამდენიმე სიტყვა და წერილი, აგრეთვე ბიოგრაფიული ნარკვევი, რომელთა ეპოქალური მნიშვნელობა კარგადაა ცნობილი, კერძოდ: აკაკი წერეთლის გამოსათხოვარი სიტყვა (1907), ვაჟა-ფშაველას "ვერ მოჰკლეს" (1907), იაკობ გოგებაშვილის "შურის ძიება ისტორიისა..." (თხზ., ტ. 5, 1955), გრიგოლ ყიფშიძის "ილია ჭავჭავაძე (ბიოგრაფია), 1914 წ., კიტა აბაშიძის "ილია ჭავჭავაძე (კრიტიკული მიმოხილვა), 1914 წ. და ივანე ჯავახიშვილის "ილია ჭავაჭავაძე და საქართველოს ისტორია" (1956).

კრებულში დაბეჭდილია კოხტა აფხაზის, ოლღა აგლაძის, არტემ ახნაზაროვის, ვასილ ბარნოვის, ივანე ბუქურაულის, ეკატერინე გაბაშვილის, რევაზ გაბაშვილის, შალვა დადიანის, ილია ზურაბიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, იოსებ იმედაშვილის, დავით კასრაძის, არტურ ლაისტის, გიორგი ლასხიშვილის, სალომე ლოლაძის, იაკობ მანსვეტაშვილის, დანიელ მასლოვის, ბარბარე მაყაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის, იონა მეუნარგიას, ელისაბედ საგინაშვილის, საგურამოელი გლეხების, თედო სახოკიას, ნინო ყიფიანის, გიგო ხეჩუაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ჯანდიერის, ნოშრევან ჯაფარიძის, არჩილ ჯაჯანაშვილის მოგონებები.

წიგნის პოპულარული ხასიათის გამო შენიშვნებში მითითებულია მხოლოდ გამოყენებული წყაროები. უცვლელია მოგონებათა ენობრივი თავისებურებები. გამოცემას ახლავს სახელთა საძიებელი.

 ქ. შ.

¦ 

ი. ბოცვაძე, ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში; თსუ გამომცემლობა, ტ. I, 1957

წიგნში მიმოხილულია XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში ქართული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული ლიტ. კრიტიკული წერილები, რომლებშიც მოცემულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შეფასება.

ნაშრომის შინაარსი ამგვარია: ავტორისეული წინათქმა, 60-იანი წლებში გამოქვეყნებული კრიტიკული ხასიათის ნაშრომები; 70-იანი წლების მასალა; წერილები "განდეგილის" შესახებ, "ოთარაანთ ქვრივი" ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში, 90-იანი წლების მიმოხილვა; 900-იანი წლების ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები.

1861 წლიდან "ცისკარსა" და "საქართველოს მოამბეში" იბეჭდება მრავალი კრიტიკული წერილი ილიაზე, მათ შორის ბექა ქერელის (ანტონ ფურცელაძე) და დიმ. ჯანაშვილის.

70-იან წლებში საყურადღებო იყო ალექსანდრე ცაგარლის წერილი "ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში"; ილიას მხარდასაჭერად დაიწერა კირილე ლორთქიფანიძის, გიორგი წერეთლის, აკაკი წერეთლისა და სხვათა წერილები.

"გლახის ნაამბობს" აღფრთოვანებით შეეხო ნიკო ნიკოლაძე. ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ორიგინალიდან გადმოქართულებულ "მეფე ლირს" და, ზოგადად, ილიას შემოქმედებასაც ეხებოდა გიორგი თუმანიშვილი. დაიბეჭდა ალექსანდრე სარაჯიშვილის, სილოვან ხუნდაძის წერილები.

ილიას "განდეგილთან" დაკავშირებით, წიგნში საუბარია იონა მეუნარგიას, დავით სოსლანის, ეგნატე ბოსლეველის წერილებზე. აღნიშნულია, რომ ილია ჭავჭავაძის ამ უკვდავ პოემაზე "სავსებით სწორ პასუხს იძლევა კიტა აბაშიძე". ილიას "განდეგილის" შესახებ აზრი აქვს გამოთქმული კრიტიკოს სილოვან ხუნდაძესაც.

"ოთარაანთ ქვრივთან" დაკავშირებით საუბარია ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებაზე (იაკობ მანსვეტაშვილის გადმოცემით), შიო დავითაშვილის წიგნზე, დავით სოსლანის (კეზელის) ბროშურაზე, მიხეილ ხელთუფლიშვილისა და სტეფანე ჭრელაშვილის (სანო) წერილებზე; "ოთარაანთ ქვრივის" საფუძვლიან შემფასებლად მიჩნეულია კიტა აბაშიძე; საუბარია ალექსანდრე ხახანაშვილის, მიხეილ წულუკიძის, სილოვან ხუნდაძის, არ. ჯ-შვილისა და არტურ ლაისტის ილიასადმი მიძღვნილ წერილებზე.

90-იანი წლებში ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ იწერება სილოვან ხუნდაძის, მიხეილ ნასიძის, ფილიპე მახარაძის წერილები; გამოდის ზაქარია ჭიჭინაძის ბროშურა (1897 წ.); ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შეწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კიტა აბაშიძის "ეტიუდებს" და იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებშიც მან ილიას ლიტერატურული მემკვიდრეობა განიხილა.

900-იანი წლების მონაკვეთში განხილულია ივანე გომართელის წერილები და გიორგი ჯავახიშვილის გამოკვლევა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ; ალექსანდრე ხახანაშვილის შეხედულებები ილია ჭავჭავაძის "განდეგილისა" და სხვა ნაწარმოებების თაობაზე; გერონტი ქიქოძის წერილები "აჩრდილისა" და "განდეგილის" შესახებ და მისივე "პოეზია და სინამდვილე" (1914 წელი). 1914 წელს გამოცემული მ. ტ-ძის (მალაქია ტოროშელიძის) პატარა წიგნაკი "ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და მისის ნაწერების საერთო ხასიათის შესახებ".

ზ. ც.

 ¦

ი. ბოცვაძე, ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ კრიტიკაში; თსუ გამომცემლობა, ტ. II, 1958

კრებული 1957 წელს გამოცემული I ტომის გაგრძელებაა. მასში შეტანილია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები 1907 წლიდან 1920 წლამდე. წარმოდგენილი მასალა დალაგებულია ქრონოლოგიურად, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს წარმოიდგინოს დიდი მწერლის შემოქმედების შესახებ ლიტერატურულ-კრიტიკული აზრის თანდათანობითი განვითარება. გამოქვეყნებული მასალის ნაწილი შემოკლებით იბეჭდება და დაცულია ავტორთა მართლწერა და სტილი.

კრებულში მოთავსებულ წერილებს არსებითად ისტორიული მნიშვნელობა აქვს და მკითხველისაგან კრიტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რადგან ზოგიერთი ავტორის მიერ სწორად არ არის გაგებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. მისი ცალკეული ნაწარმოები თუ ისტორიულ-ლიტერატურული, თეორიული, სოციალური და ეროვნული საკითხი.

წერილების ერთ ნაწილში მკითხველი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ზოგად მიმოხილვას გაეცნობა. ავტორები ასევე ეხებიან "განდეგილის" პრობლემატიკასა და "ხიდჩატეხილობის" საკითხს. მოცემულია ილიას ლირიკის ბუნების შესწავლის ცდა, გაანალიზებულია მისი ნაწერების მოქალაქეობრივი პათოსი.

კრებულში წარმოდგენილი არიან შემდეგი ავტორები: ს. ქვარიანი, ი. ფანცხავა, კ. აბაშიძე, გ. ჯავახიშვილი, ვლ. ბაქრაძე, გ-კა, ფ. რუშაველი, მ. წულუკიძე, არ. ჯ-შვილი, ალ. ხახანაშვილი, გ. ქიქოძე, მ. ტ-ძე, რ. ფანცხავა (ხომლელი), გ. ჭუბაბრია, სილ. ხუნდაძე და ანონიმი ავტორის "ვინ იყო ილია ჭავჭავაძე". ეს წერილები დაბეჭდილი ყოფილა ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "ისარი", "მიწა", "ჩვენი გაზეთი", "მნათობი"- "თემი", "სახალხო გაზეთი", "სახალხო ფურცელი", "განთიადი", "ცხოვრება" ან გამოცემულა ცალკეულ ბროშურებად.

შ. კ.