II
საერთაშორისო სიმპოზიუმის
–
”ლიტერატურის თანამედროვე პრობლემები”
ლია კარიჭაშვილი
(ფილოლოგიის
მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი,
შოთა
რუსთაველის
ლიტერატურის
ინსტიტუტის
რუსთველოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის
მეცნიერ_თანამშრომელი)
,,ვეფხისტყაოსნის“
სწავლებისათვის
სკოლაში
(IX
კლასის
ქართული
ენისა
და
ლიტერატურის
სახელმძღვანელოთა
მიხედვით)
2008 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის (9) სამი ახალი სახელმძღვანელო გამოიცა. ამათგან ორი სრულად ითვალისწინებს ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სწავლებას, ხოლო მესამე, ავტორ-შემდგენელნი: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, (გამომცემლობა ,,სწავლანი“) პომის სწავლებას მომდევნო კლასში გეგმავს. ამჯერად აღნიშნულ ავტორთა სახელმძღვანელო მოსწავლეებს სთავაზობს პოემის მხოლოდ ერთ თავს ,,ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“. ტექსტს წინ უძღვის მოკლე ნარატივი უცხო მოყმის გამოჩენიდან ავთანდილის ანდერძამდე. .შიგადაშიგ სტროფების გასწვრივ აშიებზე განთავსებული შეკითხვები ამოწმებს, როგორ ესმის მოსწავლეს ზოგიერთი სიტყვის თუ ტაეპის შინაარსი, ან შაირის რომელი სახეობაა გამოყენებული ამა თუ იმ სტროფში. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა მოსწავლემ კონტექსტზე დაკვირვებით უნდა ამოიცნოს.მაგ.,, მხმეჭელი“ ან ,,გეცნევის“. ,,ანდერძის“ ტექსტის შემდეგ ბიბლიოგრაფიული მონაცემებია ,,რა ვიცით ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორის შესახებ“. რუბრიკა ,,ტექსტის წაკითხვის შემდეგ“ მოიცავს კითხვარს, რომელიც შედგენილია ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. თითოეულ კითხვას მიწერილი აქვს სააზროვნო ოპერაცია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება.
,,კითხვის სტრატეგია“ გულისხმობს სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით, რაც პოემის ენის გაგებისათვის მნიშვნელოვანია.შემდეგი მონაკვეთებია ,,დამატებითი ამოცანები“---- ლიტერატურული პარალელი. ,,წერითი სამუშაო“ და ,,ზეპირი მეტყველება“. ამავე საკითხს უკავშირდება ცალკე თავი ,,ზეპირმეტყველების სემინარი“, რომლის მიზანი არგუმენტირებული მსჯელობის სწავლებაა. ენობრივ საკითხებს ეხება მონაკვეთი ,,ტექსტების ენა“, ,,ვეფხისტყაოსნის“ ქართული“. ზოგადად, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მეცხრე კლასში ისწავლება სინტაქსის საკითხები. ამჯერად ეს მონაკვეთი ეყრდნობა პოემის მოცემულ თავს და შესანიშნავად წარმოაჩენს როგორ არის გამოყენებული ,,ვეფხისტყაოსანში“ სინტაქსური კონსტრუქციები, დავალებაც შესაბამისია--,,ანდერძის გრამატიკა“.
წარმოდგენილი მასალა მრავალმხრივ და საინტერესოდ არის დამუშავებული. მაგრამ უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა გათვალისწინება სასურველი იქნებოდა. მაგალითად, არ არის ახსნილი ტაეპი ,,,თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების“, რომლის გაგება მოსწავლეს დამოუკიდებლად გაუჭირდება. აღნიშნულ ტაეპს პოემის სასკოლო გამოცემაში, ნოდარ ნათაძის კომენტარებით, ახლავს განმარტება: ,,ლამაზი სანახავი თვალს უცხო, იშვიათ სანახაობად ესახება.“ უკეთეს შემთხვევაში შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ქეთევან ბეზარაშვილის ნაშრომი ,,ვეფხისტყაოსნის“ საღვთო სიყვარული და ტურფა საჭვრეტელი“ ან მისივე ,,ამაღლებული და განსაცვიფრებელი ძველ ლიტერატურულ ნააზრევში და რუსთაველთან“, რომელშიც ნათქვამია: ,,ტურფა საჭვრეტელი საღვთო სიყვარული ის განცდაა, რომელიც ავთანდილმა შეიმეცნა ტარიელის სიყვარულითა და მოყვასისადმი თავდადებით“. (კრებ.,,რუსთველოლოგია“, 4, 2005, გვ. 74-90.)
ლიტერატურული პარალელი გავლებულია ვახტანგ მეექვსის ლექსთან ,,შეგონება“, რომელიც ამავე ფუნქციით წარმოდგენილია მერვე კლასის ( ამავე ავტორთა) სახელმძღვანელოში ნ. ბარათაშვილის ლექსთან ,,ფიქრნი მტკვრის პირას“. ამჯერადაც მისი მოხმობა, რა თქმა უნდა, მიზნობრივია, თუმცა შესაძლებელი იყო დამატებითი ლიტერატურული მასალის გამდიდრება,თუნდაც პარალელი სახარებასთან-- რუსთაველი: “რასაცა გასცემ შენია, რასც არა-- დაკარგულია“. “ვინც სთესა მოიმკო, ვინც განაბნია გლახაკთათვის შეიკრიბა,“ “ნუ მარხავ, რათა არა წარსწყმიდო, წარაგე რათა შეიძინო.“ პავლე II კორ. 9. 6.
რუსთაველის პოეტიკიდან ყურადღება გამახვილებულია შაირსა და მის სახეობებზე, ამასთან ერთად, შეიძლებოდა ტროპული მეტყველების სხვა ელემენტების წარმოჩენაც (შედარება, ეპითეტი, ალეგორია).
,,ანდერძის“ მიხედვით მოციქულთა ნათქვამს: “სიყვარული აგვამაღლებს,“ ჩვენი აზრით, დაამშვენებდა პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ (თავი XIII), რომელშიც სწორედ სიყვარულის რაობაზეა საუბარი: “სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ...,“ საგულისხმოა, რომ ,,ანდერძი“ და აღნიშნული ეპისტოლე , როგორც ეთიკური ღირებულებებით, ასევე, ცნებათმეტყველებით, გარკვეულწილად, ახლოს დგანან ერთმანეთთან.
ზოგადად, შესაძლებლად გვესახება ,,ანდერძს“ დართვოდა მცირე ფრაგმენტი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურიდან, რომელიც ამ მხრივ არჩევანის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
სახელმძღვანელოში ლია თუშურის, მაია ინასარიძის და ნინო შარაშენიძის ავტორობით (გამომცემლობა ,,დიოგენე“) ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ეთმობა IV თავი ,,ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა“, რომელიც წარმოდგენილია 13 პარაგრაფით: 1,,ასე იწყებოდა ამბავი“, 2 ,,პირველთავი ანუ დასაწყისი“, 3 ,,ენის სამყაროში“ ,,აწ ენა მინდა გამოთქმად“, 4 ,,მამა და შვილი“, 5 ,,უცხო მოყმე“, 6. ,,ძიების გზაზე“, 7.,,შეხვედრა“, 8. ,,ქმნა მართლისა სამართლისა“, 9. ,,მათ სამთა გმირთა“, 10.,,ანდერძი“, 11 ,,.გული, ცნობა და გონება,“ 12. ,,იმედი,“ 13 ,,.ზღვათა სამეფო,“ 14. ,,ქაჯეთის ციხის აღება.“ თითოეულ პარაგრაფში მასალა განაწილებულია შემდეგი რუბრიკების მიხედვით: ამ პარაგრაფში თქვენ“ -- ეს არის დასამუშავებელ საკითხთა ჩამონათვალი, მიზნები, რომელთა მიღწევასაც ითვალისწინებენ ავტორები. ბოლო ორი პუნქტი ეხება პოეტიკისა და გრამატიკის საკითხებს,
,,ტექსტის წაკითხვამდე“ --- ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, შემდეგ მითითებულია შესასწავლი თავები,რომელთა ტექსტი წიგნში მოცემული არ არის.
შემდეგი რუბრიკებია ,,გავიაზროთ წაკითხული და ვიმსჯელოთ“, ,,დისკუსია“ ან ,,ჩვენი ვარაუდები“.
,,ოსტატობის სკოლა“---ძალზე საინტერესო წერითი დავალებებით მოსწავლეთა ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარის გამოვლენას ემსახურება.
ენობრივი საკითხები მოწოდებულია რუბრიკით ენის ,,სამყაროში“ ,,აწ ენა მინდა გამოთქმად“.
კითხვარი ითვალისწინებს ბლუმის ტაქსონომიას და საგულდაგულოდაა მოფიქრებული. სამსჯელო საკითხები ღრმააზროვანია, დამხმარე ლიტერატურული მასალა-- მრავალფეროვანი. გამოყენებულია ამონარიდები აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის წერილებიდან ,,ვეფხისტყაოსანზე“, თამაზ ჭილაძის წიგნიდან ,,ვარდის ფურცლობის ნიშანი“, თამაზ ვასაძის ნაშრომიდან ,,ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული შინაარსის კომენტარები“, რომელშიც მოძებნილია ახსნა მოსწავლეთათვის მეტად აქტუალურ კითხვაზე, რატომ არის ამდენი ცრემლი ,ვეფხისტყაოსანში“. ყურადღება გამახვილებულია პოემის მსგავსებაზე ზღაპრის ზოგად მოდელთან ფაბულის ან ცალკეულ მოტივთა თვალსაზრისით.
რუბრიკით ,,გამოძახილი“ მოცემულია რამდენიმე პოეტური ნიმუში: აკაკის ლექსი,, ჭაღარა“, შოთა ჩანტლაძის ,,გულანშარო“, გივი გეგეჭკორის ,,წიგნი მიწერილი ასმათსა თანა“, დასარულ, დართულია აკაკი ბაქრაძის წერილი ,,ავთანდილის სახე ,,ვეფხისტყაოსანში“.
შემაჯამებელი სამუშაო ითვალისწინებს საკლასო კონფერენციას, რეკომენდებულია შემდეგი საკითხები: ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, ეპოქა, პერსონაჟთა დახასიათება, სიკეთე და ბოროტება, რაინდული იდეალი და სხვა. უხვად არის გამოყენებული ცხრილები, ილუსტრაციები და სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები.
სამწუხაროდ, სახელმძღვანელოში არ ჩანს, პოემის რომელი გამოცემითაა გათვალისწინებული ტექსტის სწავლება.დამხმარე ლიტერატურაში დასახელებულია რამდენიმე ლექსიკონი და მათ შორის ნოდარ ნათაძისეული სასკოლო გამოცემა. პოემის ბოლო ოთხი თავი (თათბირები, ქორწილი) და ეპილოგი რატომღაც დამუშავებული არ არის, თუ ეპილოგის სწავლება მიზეზთა გამო აუცილებელი არ არის, სიუჟეტისა და ფაბულის სისრულისათვის არ შეიძლება ძირითად ტექსტს ჩამოეკვეთოს ,,ქორწილი ნესტან-დარეჯანისა და ტარიელისა...“.
სახელმძღვანელოში არაფერია ნათქვამი ისეთ მნიშვნელოვან სახე-სიმბოლოებზე, როგორიცაა ,,მზიანი ღამე“, ,,ერთარსება ერთი“, ,,უჟამო ჟამი“, ეს სახე-სიმბოლოები, თუნდაც როგორც ლექსიკური მონაცემები, რომელთაც მოსწავლე დაუხმარებლად ვერ გაიგებს, უნდა განიმარტოს, ან კითხვარმა გადაამოწმოს ესმით თუ არა მათ ამ სიტყვათა შინაარსი იმ შემთხვევაში, თუ სწავლების პროცესში ,,ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემას იყენებენ.
ჩვენი აზრით, აკაკი ბაქრაძის წერილს ,,ავთანდილის სახე ,,ვეფხისტყაოსანში“ უფრო მომზადებული მკითხველი სჭირდება, ვიდრე მეცხრეკლასელია, თუნდაც ამ ფრაზების გამო: ,,ავთანდილი იმიტომაც იმარჯვებს, რომ მას არ დაურღვევია წონასწორობა სულიერებასა და ნივთიერებას შორის( ნივთიერებასადა ხორციელებაში ავტორი გულისხმობს ჭაშნაგირის მკვლელობას და ფატმანთან ურთიერთობას. ლ.კ.) ,,ძალიან ძნელია მსოფლიო ლიტერატურაში დაასახელო ნაწარმოები,სადაც ადამიანი ადამიანს კლავდეს და მკვლელის მიმართ გულში რაიმე ხინჯი არ გაუჩნდეს მკითხველს“. (უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ტენდენცია პერსონაჟთა იდეალიზაციისა დღეისათვის რუსთველოლოგიაში განვლილ ეტაპად მიიჩნევა, თუმცა ეს სახეები ამით არც სიღრმეს კარგავენ და არც სიდიადეს.) მიზანშეწონილი იქნებოდა, შერჩეულიყო რომელიმე სხვა წერილი სამეცნიერო ლიტერატურიდან, თუნდაც ფრაგმენტი რევაზ სირაძის წიგნიდან ,,ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, რომლის ერთი მონაკვეთი ეთმობა ,,ვეფხისტყაოსანს“ და განკუთვნილია სწორედ IX-XI კლასების მოსწავლეთათვის.
მცირე უზუსტობა: IX პარაგრაფში არის ასეთი კითხვა: ,,რაში დაეხმარება ავთანდილს უპოვართა შემწეობა ყარიბობისას?“ უპოვართა შემწეობას ლოცვით და ხსოვნით ავთანდილი იმედოვნებს არა ყარიბობისას, არამედ გარდაცვალების შემთხვევაში. (,,თუ საწუთრომან დამამხო“, ,,ღარიბი მოვკვდე ღარიბად“). მეფეს ევედრება იზრუნოს მის სულზე სწორედ იმით, რომ გასცეს ქონება გლახაკებზე, ობლებზე, გაათავისუფლოს მონები და სხვა.
ზოგადად, თვალსაჩინოა, რომ ავტორებს დიდი შრომა გაუწევიათ, მოწოდებული მასალა თავისი სამუშაო მიმართულებებით და ლიტერატურული პარალელებით უაღრესად საინტერესო, მდიდარი და მრავალმხრივია, თუმცა , შესაძლოა, ამავე მიზეზით რამდენადმე გადატვირთული მეცხრეკლასელთა საშუალო დონის გათვალისწინებით.
სახელმძღვანელოში ბაკურ სულაკაურის,თეა ქიტოშვილის და ნინო გორდელაძის ავტორობით (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ,,ვეფხისტყაოსანს“ მეორე თავი ეთმობა. გათვალისწინებულია პოემის სრული ტექსტის სწავლება. წიგნში წარმოდგენილა 8 თავი, რომელთა შორის სიუჟეტური ბმულები ნარატიულია. (სამი გმირი, არაბეთის სამეფოს ამბავი, ინდოეთის სამეფოს ამბავი),1. წიგნი ნესტან -დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი;2. ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი; 3.ანდერძი ავთანდილისა;4. ლოცვა ავთანდილისა; 5.ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისასა; 6.თათბირი ნურადინ-ფრიდონისა; 7.თათბირი ავთანდილისა, 8.თათბირი ტარიელისა. პოემის ტექსტს მოსდევს რუბრიკები ,,ცოტა რამ თეორიიდან“ ( საგმირო-სარაინდო ეპოსი, ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი; ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები და გამოცემები; მაღალი და დაბალი შაირი. ,,ქართული ენა“_ (მხატვრული ნაწარმოების ენა, ალეგორია, ჰიპერბოლა.) ,,მწერლის სახელოსნო“ (შოთა რუსთაველის პორტრეტების შედარება; დავწეროთ მცირე გამოკვლევა რუსთაველის ვინაობის შესახებ.)
სავარჯიშოების ბლოკში რამდენიმე მონაკვეთია (,,ტექსტის შინაარსი,“ ,,ტექსტის ენა“, ,,დაწერე,“ ,,იმსჯელე,“ ) საზოგადოდ, კითხვარი, რომელიც ტექსტებს მოსდევს და მის შინაარსობრივ აღქმა-გააზრებას ამოწმებს, აგებულია ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე, მარტივიდან რთულისაკენ, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ მეცხრეკლასელებს ცოტა უფრო რთულ და სააზროვნო კითხვებს შევთავაზებდით.
,,ვეფხისტყაოსნის“ პროზაულად გარდათქმა ყოველთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოს ავტორებმა ამ რთულ ამოცანას ზოგადად კარგად გაართვეს თავი, მაინც გვხვდება ზოგიერთი უზუსტობანი, მაგალითად: ,,იარაღის ჟღარუნი რომ გაიგონა, ჭაბუკი წამოხტა და წავიდა“. გარდა იმისა, რომ ხელიდან გაგვისხლტა მშვენიერი პასაჟი ,,რა ცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა“, უნებურად ფაქტობრივი შეცდომაც დავუშვით. უცხო მოყმე იარაღის ჟღარუნს არ გაქცევია, მან თავი აარიდა მეფესთან შებმას. როდესაც ტარიელი ავთანდილთან ამ შეხვედრას იხსენებს, ამბობს: ,,ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე.“ ეს უკავშირდება ზოგადად მეფისადმი დამოკიდებულებას პოემაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
არასწორია განმარტება ტაეპისა ,,ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ- მკრთალთა, ღამე თეულთა“. ---- ტარიელის ლაშქარს ძილი არ დასცალდა, სამაგიეროდ ნადავლის აღების შესაძლებლობა მიეცა.“ შეცდომა მომდინარეობს ,,ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემიდან ნოდარ ნათაძის კომენტარებით, რომელშიც ზუსტად ამგვარი ინტერპრეტაციაა მოცემული.რეალურად ტაეპის აზრია: რამაზ მეფის ძილმკრთალი, ღამენათევი მეომრები დახოცეს ტარიელის მებრძოლებმა. ძილის ნაცვალი აქ სიკვდილს ნიშნავს და არა ნადავლს. ალაფზე საუბარი იწყება სამი სტროფით ქვემოთ. ტაეპის მცდარი განმარტება განაპირობა იმან, რომ ტარიელის ლაშქარი ღამით მოდის მისკენ, (,,ღამე წამორთვით ეარა“), მაგრამ აქვე მინიშნებულია, რომ ღამე მოძრაობს რამაზ მეფის ჯარიც (,,სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები“).
ასევე, არასწორადაა ახსნილი ტარიელის სიტყვები რამაზისადმი ,,თავი გამოიმართალე- ,, საქმე გამოასწორე.“ (ეყრდნობა იმავე წყაროს) ტარიელი რამაზს მიმართავს: თავი იმართლე (ღალატისა და მუხანათობის გამო).
ნარატიულ მონაკვეთში ჩართული ტაეპი ,,ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო“, წარმოდგენილია მცდარი პუნქტუაციით, რომელიც შინაარსს ამახინჯებს. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე მართებულად მიჩნეულია წაკითხვა ტაეპისა ,,ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო,“ რაც ნიშნავს, რომ ჯაჭვ-მუზარადი ალმასისაა, ხოლო ხმალი-- რკინის მკვეთელი. (იხ. ლ. კარიჭაშვილი, ,,აბჯარი საკვირველი“, ჩვენი მწერლობა,“ 6-12 ივნ. 2003, №22, გვ. 10)
უნდა აღინიშნოს, რომ,,ვეფხისტყაოსანი“ სახელმძღვანელოში ცალსახად გამოცხადებულია საგმირო-სარაინდო ეპოსად. თუნდაც თვალსაზრისთა პლურალურობის ასახვის მიზნით სამეცნიერო ლიტერატურაში, მოცემული უნდა ყოფილიყო სხვა შეხედულებებიც პოემის ჟანრობრივ რაობაზე, მაგ: სარაინდო რომანი; ფილოსოფიური რომანი.
მოსალოდნელი იყო პოემასთან დაკავშირებული უფრო მდიდარი და მრავალმხრივი დამატებითი ლიტერატურული მასალის წარმოდგენა.
ზოგადად სასურველია, რომ სახელმძღვანელოებში საჭიროებისამებრ აისახოს უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები და არა მეტ-ნაკლებად გადაფასებული მონაცემები.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ განხილულ სახელმძღვანელოთა ავტორებმა ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით იმუშავეს , თითოეული ჯგუფი შეეცადა ყოფილიყო ორიგინალური, მოენახა ოპტიმალური გზა და ხერხები პოემის უკეთ სწავლებისათვის, მიღწეულ შედეგთა დახვეწა- გაუმჯობესება კი სამომავლოდ შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.
*