II
საერთაშორისო სიმპოზიუმის
–
”ლიტერატურის თანამედროვე პრობლემები”
დარეჯან მენაბდე
(ფილოლოგიის
მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი,
შოთა
რუსთაველის
ლიტერატურის
ინსტიტუტის
ქართული
ლიტერატურის
განყოფილების
უფროსი
მეცნიერ–თანამშრომელი)
სულხან-საბა ორბელიანი IX კლასის სახელმძღვანელოებში
ჩვენ წინაშეა IX კლასის სამი სახელმძღვანელო, რომლებშიც მეტ-ნაკლები სისრულითაა წარმოდგენილი ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. შევეხები მხოლოდ ერთი მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის, სწავლების საკითხს IX კლასის სახელმძღვანელოების მიხედვით.
ამ საზოგადოებაში მე საბას ღირსებასა და დამსახურებაზე, რასაკვირველია, არ ვილაპარაკებ, მაგრამ, ვფიქრობ, 14-15 წლის ქართველ ახალგაზრდას უფრო ვრცლად, სრულყოფილად და შთამბეჭდავად უნდა წარვუდგინოთ ისეთი დიდი მოღვაწე ჩვენი კულტურისა (აქ მე არ ვგულისხმობ მარტო მის შემოქმედებას), როგორიც იყო სულხან-საბა ორბელიანი.
ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიაში, რომლითაც აქამდე ისწავლებოდა ეს საგანი, შედიოდა `სიბრძნე სიცრუისა~ დასაწყისიდან 40 იგავის ჩათვლით (რჩეული იგავები) და ნაწყვეტები `სწავლანიდან~.
როგორი სურათი გვაქვს დღეს?
ბ. სულაკაურის, თ. ქიტოშვილისა და ნ. გორდელაძის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში შეტანილია თხზულების დასაწყისი და 9 იგავი. შეიძლება 40 იგავი ბევრი მოეჩვენათ, მაგრამ მათი რაოდენობის ცხრაზე დაყვანა არ მიგვაჩნია გამართლებულად, მით უმეტეს, რომ ეს იგავები (`მეფე და მხატვარი~, `ენით დაკოდილი~, `ძალა ერთობისა~...), ვფიქრობ, მოსწავლეს მანამდეც უნდა ჰქონდეს ნასწავლი.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში (სხვათა შორის, დანარჩენი ორისაგან განსხვავებით) წარმოდგენილია მწერლის ბიოგრაფიული ცნობები, რაც შევსებას და ზოგ შემთხვევაში დაზუსტებასაც მოითხოვს (მაგ., `1698 წ. საბამ თითქოს საბოლოოდ უარი თქვა საერო ცხოვრებაზე... საბა საერო ცხოვრებას დაუბრუნდა... `ქილილა და დამანა~ თარგმნა...~ და ა. შ.). სათაური ანოტაციაში იხსენიება როგორც `სიბრძნე სიცრუისა~, თხზულებას კი აწერია `წიგნი სიბრძნე სიცრუისა~, ხოლო რამდენად სწორია ასეთი დასათაურება, ეს გასარკვევია, რადგანაც ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო (ალ. ცაგარელი, ო. უორდროპი, ი. იმედაშვილი, კ. კეკელიძე, დ. ლანგი, ი. მეგრელიძე, ალ. ბარამიძე...) და, საბოლოოდ, სწორად მიჩნეულია `სიბრძნე სიცრუისა~.
აგრეთვე, საკამათოდ მიგვაჩნია, რამდენად გამართლებულია წიგნში მოცემული დავალებები: 1. შეადარე ერთმანეთს `ვეფხისტყაოსნისა~ და `სიბრძნე სიცრუისას~ დასაწყისები; 2. რით ჰგავს მეფე ფინეზი როსტევანს? 3. შეადარე ერთმანეთს ლეონისა და ტარიელის აღწერა და ა. შ... (სხვა საქმეა, რამდენად გამართულია ეს კითხვები ენობრივად).
ლ. თუშურის, მ. ინასარიძისა და ნ. შარაშენიძის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში არის ნაკვეთი `გზა ევროპისაკენ~, რომელშიც შეტანილია `მოგზაურობა ევროპაში~ (ნაწყვეტები, გვ. 58-61). ამავე ავტორთა VIII კლასის სახელმძღვანელოში არის ცალკეული მონაკვეთები `სიბრძნე სიცრუისადან~ (თაობათა ურთიერთობის კონტექსტში) და რამდენიმე იგავი. მხოლოდ ასეთი მოცულობის მასალით, ვფიქრობთ, ბავშვს ვერ შევუქმნით სასურველ წარმოდგენას დიდ მწერალზე.
თავისთავად ის ფაქტი, რომ `მოგზაურობა ევროპაში~ შემოგვაქვს სასკოლო სახელმძღვანელოში, მისასალმებელია. მაგრამ, როცა არც მწერლის ბიოგრაფიას ვასწავლით, არც ეპოქას ვაცნობთ და ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარვუდგენთ ამ თხზულებას, ბევრი რამ რჩება ასახსნელი. მაგალითად, ნაწყვეტებს წინ უძღვის: `ამ პარაგრაფში თქვენ დააკვირდებით, თუ როგორ ეძებდნენ გზას ევროპისკენ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში; გაეცნობით სულხან-საბა ორბელიანს, როგორც საქართველოდან ევროპაში წარგზავნილ დესპანს; იმსჯელებთ სულხან-საბას პოლიტიკურ არჩევანზე...~ სამწუხაროდ, წიგნში არაფერია ნათქვამი აღნიშნულ საკითხებზე და მასწავლებლის იმედადღა ვართ, რომ იქნებ მან შეძლოს და ყოველივე სათანადოდ აუხსნას მოსწავლეს; ხოლო რამდენად შეძლებს, ეს უკვე სხვა სფეროა.
რაც შეეხება IX კლასის მესამე სახელმძღვანელოს (შემდგენლები: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, მ. ხუციშვილი, ა. არაბული), იქ საერთოდ არ არის წარმოდგენილი სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება _ ავტორები მას მომდევნო კლასებში შეიტანენ.
სულ ახლახან გამოქვეყნდა თ. ვასაძის წერილი `შენიშვნები აქტუალურ საკითხებზე~ (`ახალი განათლება~, 20-26.XI.08). ავტორი აღნიშნავს, რომ ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს სათანადო ფორმატით შეიტანენ ქართული ლიტერატურის ახალ სახელმძღვანელოებში, რომლებიც მომავალი წლიდან გამოვა. სამწუხაროდ, ჩამონათვალში არ გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის სახელი, რაც, იმედია, შემთხვევითობაა.
საერთოდ, მიგვაჩნია, რომ ქართული ლიტერატურის კურსი უნდა შედგეს ქრონოლოგიური პრინციპის გათვალისწინებით და ცალკეული ნაწარმოებები არ უნდა ისწავლებოდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების გაცნობა უნდა დავიწყოთ დაბალი კლასებიდანვე ცალკეული იგავებით (როგორც არის კიდეც ზოგიერთ სახელმძღვანელოში) და მარტივიდან თანდათან წავიდეთ რთულისკენ. მაღალ კლასებში კი საბას შემოქმედება ვასწავლოთ უფრო სრულყოფილად, რათა მოსწავლის ცოდნაც ფრაგმენტული არ აღმოჩნდეს და თითოეული მწერლის შემოქმედება გაიაზროს სწორედ ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტის გათვალისწინებით.
დახვეწა- გაუმჯობესება კი სამომავლოდ შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.
*