II საერთაშორისო სიმპოზიუმის ”ლიტერატურის თანამედროვე პრობლემები”
მონაწილეთა საყურადღებოდ!

 

 

 

მაია ნინიძე

(ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
შოთა
რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის
ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერ_
თანამშრომელი)

 

IX კლასში XIX საუკუნის მწერლობის სწავლების შესახებ

 

    დღევანდელი შეხვედრისთვის მე წილად მხვდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ტექსტების შესასწავლად განკუთვნილი იმ მასალის ანალიზი, რომელიც მეცხრე კლასის სამ ალტერნატიულ სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი. თავდაპირველად მოკლედ ჩამოგითვლით, რომელ მათგანში რა ტექსტებია.

    ბაკურ სულაკაურის, თეა ქიტოშვილისა და ნინო გორდელაძის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში შეტანილია: გრიგოლ ორბელიანის `თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში~, ნიკოლოზ ბარათაშვილის _ `ჩემი ლოცვა~, `ცისა ფერს~, `მერანი~ და წერილი მაიკო ორბელიანისადმი; ილია ჭავჭავაძის _ ავტობიოგრაფია, `მგზავრის წერილები~, `პოეტი~ და `ჩემო კალამო~; აკაკი წერეთლის _ `განთიადი~ და `პოეტი~; ვაჟა ფშაველას _ `ჩემი წუთისოფელი~ და `გოგოთურ და აფშინა~.

    ვახტანგ როდონაიას, ნინო ნაკუდაშვილის, ავთანდილ არაბულისა და მარინე ნახუცრიშვილის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში შეტანილია ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის პოემიდან `სადღეგრძელო~; ნიკოლოზ ბარათაშვილის  `ბედი ქართლისა~; ილია ჭავჭავაძის `სარჩობელაზედ~; აკაკი წერეთლის `განთიადი და `კუდაბზიკეთი~, ვაჟა ფშაველას `ჩემი ვედრება~.

მესამე სახელმძღვანელოში კი, რომლის შემდგენლებიც არიან ლია თუშური, მაია ინასარიძე და ნინო შარაშენიძე XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა წარმოდგენილი არ არის.

    სახელმძღვანელოთა შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ერთ-ერთ მიზანს _ გამოუმუშავოს მოსწავლეს ასაკობრივი სტანდარტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მეორე ასპექტიც _ რამდენად კარგად უხელმძღვანელებს იგი მოსწავლეებს ჩვენი ლიტერატურული კლასიკის ადექვატურ აღქმაში. იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს სახელმძღვანელოები საბაზო საშუალო სკოლის სტანდარტის მოთხოვნებს, არ შევეხებით, რადგან გვჯერა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განათლების სამინისტრო მათ არ დაამტკიცებდა და გრიფს არ მიანიჭებდა, მაგრამ იმის შეფასებაში, თუ რამდენად შეძლებს ეს წიგნები დაეხმაროს მოსწავლეებს მხატვრული ესთეტიკის გამომუშავებასა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სიღრმისეულ გააზრებაში, ალბათ საინტერესო იქნება დარგის მეცნიერთა აზრიც.

ორ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალის ანალიზის შედეგად ჩამომიყალიბდა გარკვეული ზოგადი შეხედულებები:

    მართალია, სახელმძღვანელოები ძალიან გამდიდრდა ახალი ტიპის დავალებებით, მაგრამ ბუნებრივია, რომ თვით ამ დავალებათა ძირითადი ღერძი მაინც კითხვებია, სახელმძღვანელოებში ამა თუ იმ ფორმით წარმოდგენილი კითხვების დიდი ნაწილი კი ძალიან მარტივია. მართალია, არსებობს მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოში აუცილებლად იყოს შემეცნების არა მხოლოდ მაღალი, არამედ დაბალი საფეხურების კითხვებიც, მაგრამ არასწორად არის გამოყენებული ბლუმის სტრატეგიის არსი. როდესაც ტექსტის სრულყოფილი აღქმა აუცილებლად მოითხოვს მაღალი საფეხურის კითხვაზე პასუხის გაცემას, მაშინ დაბალი საფეხურის კითხვები მთლიანად ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის მომზადებას უნდა ემსახურებოდეს.

    ერთ-ერთ სახელმძღვანელოში კითხვების გვერდით მითითებულიც კი არის, აღქმის რომელ საფეხურს ეკუთვნის, მაგრამ დაბალი საფეხურის კითხვები ერთი მიმართულებით მიდის, მაღალისა კი _ სხვა და ერთიან მიზანს _ ტექსტის სრულყოფილ აღქმას ვერ ემსახურება. იმისათვის, რომ მოსწავლემ აზრიანად გასცეს პასუხი მოთხრობის `სარჩობელაზედ~ დასასრულს დასმულ კითხვას, რა შუაში იყო მოხუცი პეტრე, იმისათვის, რომ მან ეს საკითხი, რომელიც მოთხრობის ღერძი და მთავარი სათქმელია, სწორად შეიმეცნოს, საჭიროა, რომ გაიაროს შემეცნების სხვადასხვა ეტაპები, მაგალითად:

    ) მან უნდა გაიაზროს, რეალურად რაში ადანაშაულებს პეტრეს უმცროსი ძმა, ჩამოხრჩობაში თუ მოსეირე მაყურებელთა გვერდით დგომაში.

    ) შემთხვევითი იყო თუ არა პეტრეს მოხვედრა სახრჩობელასთან.

    ) რატომ არის ხაზგასმული მოთხრობაში, რომ უმცროსი ძმა გვერდზე აეტუზებოდა ხოლმე პეტრეს, რას აკვირდებოდა იგი და რა გაარკვია.

    ) სიტყვებით: `სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული~, რაზე მიგვანიშნა მწერალმა. პეტრე ბიჭის ჩამოხრჩობას უფრო მტკივნეულად განიცდიდა თუ საკუთარ დაცინვას.

    ) რომელი ზნეობრივი კანონით უნდა შეფასდეს პეტრე (როგორ ახდენს იგი თავისი თავის იდენტიფიცირებას).

    ) რამდენად სწორია უმცროსი ძმის სიტყვები, რომ ღმერთი ადამიანის გულსაც სინჯავს და არა მხოლოდ საქმეს.

    ) ქრისტიანული მორალის მიხედვით არის თუ არა პეტრე დამნაშავე და რატომ?

    ყოველივე ამის გასააზრებლად მოსწავლეს აუცილებლად დასჭირდება შემეცნების სხვადასხვა საფეხურის ოპერაციები და თუ თანმიმდევრულად მივყვებით მას, მარტივი კითხვების დასმაც მოგვიწევს და რთულისაც. ის, თუ ამ საკითხების გასარკვევად სახელმძღვანელოს შემდგენლები რა სახის დავალებებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, მათზეა დამოკიდებული, მაგრამ მოსწავლემ ეს საკითხი სრულად რომ გაიაზროს, ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემამდე ყველა დანარჩენზე უნდა ჰქონდეს ნაფიქრალი. სხვადასხვა დონის კითხვების გამოყენება მაშინ დაეხმარება მოსწავლეს ტექსტის აღქმაში თუ ისინი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიყვანენ მას პრობლემის სიღრმეში. სამწუხაროდ ეს პრინციპი გეგმაზომიერად არცერთ სახელმძღვანელოში არ არის გატარებული.

    ზოგ შემთხვევაში კითხვებითა და კომენტარებით ჩვენვე ვაძლევთ მოსწავლეს არასწორ მიმართულებას. `მგზავრის წერილების~ გააზრება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თერგისა და მყინვარის სიმბოლოების ახსნაზე, წიგნში წარმოდგენილი კომენტარი გოეთეს პოეტიკისადმი ილიას დამოკიდებულების შესახებ კი, ვფიქრობ, არასწორ მიმართულებას აძლევს მოსწავლეს. პუბლიცისტიკაში, რომელიც, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა და ხშირად უნდა მოვიშველიოთ, ქართველი მწერალი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს გოეთეს. მყინვარისა და გოეთეს სახეების გასააზრებლად მოსწავლეებისათვის უკეთესი ორიენტირი იქნებოდა ამონარიდი ილიას სტატიიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ იგი გოეთეს პოეტიკას კი არ იწუნებს, არამედ თანამედროვეთათვის მიუწვდომლად მიიჩნევს: `როცა ცრუკლასიკური მიმართულება ეცემოდა ევროპიაში და იბადებოდა ნელ-ნელა რომანტიკული მიმართულება... როცა გამოჰსჩნდა გეტე თავის `ვერტერით~... მაშინ ევროპას პირველად ეცა დამატკბობელი სხივი პოეზიისა; მაშინ ცრუკლასიკურ მიმართულებით დათრგუნვილი მწერალნი მივარდნენ მშიერსავით ახალშობილს პოეზიის მიმართულებას, მაგრამ პირველად ვერ იცნეს ვერც გეტეს `ვერტერი~, ვერც `ელოიზა~ ჟან-ჟაკ რუსოსი... მათში სენტიმენტალური სული მოესმათ, ეგ სული მამულთა მისთა განავითარეს და დაჰბადეს სენტიმენტალური სხოლა... რომ სენტიმენტალური მიმართულება არავისთვის არ არის საჭირო და, სხვათა შორის, ჩვენთვისაც, ამას თქმა აღარ უნდა~.

    ქართველი მწერალი გოეთეს ყველგან დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით იხსენიებს და აღნიშნავს იმასაც, რომ: `როცა გერმანიას თავის მოწონება უნდა, პირველი, ვისაც თავის სასახელოდ ასახელებს ხოლმე, გეტე და შილლერია~. რამდენადაც გოეთეს სახელს გვერდით უდგას მყნვარი, რომელსაც მწერალი ასევე არა სიდიადით, არამედ მხოლოდ მიუწვდომლობით იწუნებს, ზემოთ ციტირებული ამონარიდი გოეთეს შესახებ, საგულისხმოა და მყინვარის სიმბოლიკის ახსნას სულ სხვა მიმართულებით წარმართავს.

ხშირად ერთ პატარა სიმბოლოში დევს ხოლმე მთელი ნაწარმოების გასაღები და მას ძალიან ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ. ეს სახე პირადად მე იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მისი ანალიზისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსებზე მთელი სემინარი მაქვს დათმობილი, ისედაც მცირე ეპიზოდი დაყოფილი მაქვს ექვს მონაკვეთად და თითოეულს დართული აქვს ვრცელი დამხმარე მასალა კითხვარებით. მასწავლებელთა თქმით სემინარის შემდეგ მათთვის გარკვევით იკვეთება მყინვარის მანამდე ბუნდოვანი სიმბოლიკა.

    ვფიქრობ, რომ დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა და კონსულტაციები სახელმძღვანელოთა შემდგენლებს წიგნში დაშვებულ არაერთ უზუსტობას ააცილებდა თავიდან. ჩვენ საშუალება გვაქვს წლების მანძილზე თუნდაც ერთი მწერლის შემოქმედება ვიკვლიოთ, მათ კი ერთბაშად ყველასთან უხდებათ შეხება. რაც შეეხება თვით ტექსტებს, მეცხრამეტე საუკუნის ტექსტებშიაც კი ზოგან შეინიშნება სახელმძღვანელოს შემდგენელთა ჩარევა. მახსოვს, რომ წინა წლებში ამან ერთ ძალიან მძიმე შეცდომამდე მიგვიყვანა. ამიტომ სასურველი იქნება, თუ სახელმძღვანელოში მითითებული იქნება, რომელი წყაროდან არის ტექსტი გადმობეჭდილი. თუ მასში რაიმე სახის ცვლილებები მაინც არის შეტანილი: შემოკლებულია, ადაპტირებულია, სიტყვაა ამოღებული ან შეცვლილი თუ სხვა, ამის შესახებ მასწავლებლის წიგნში მაინც უნდა იყოს მითითებული.

    მეორე საკითხი, რაზედაც მინდა ვისაუბრო ეხება იმას, თუ რა დამხმარე მასალით ვუყალიბებთ მოსწავლეს მწერლის შესახებ წარმოდგენას. მსუბუქი და საინტერსო წასაკითხია მოგონებები და პოსტმოდერნისტული ტექსტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მასალით დოკუმენტური წყაროების ჩანაცვლება არ არის სასურველი. ერთერთ წიგნში ილია ჭავჭავაძის მხოლოდ ერთი ტექსტია წარმოდგენილი და ბევრად უფრო დიდი ადგილი უკავია გიორგი შატბერაშვილის მხატვრულ-დოკუმენტურ თხზულებას `საუკუნო საგზალი~. განზრახვა, რომ ამ ტექსტით და მანსვეტაშვილის მოგონებით ჩანაცვლდეს მწერლის ბიოგრაფია, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი არ არის. ამ მხრივ, უკეთესი არჩევანია გაკეთებული მეორე წიგნში, სადაც მწერალზე წარმოდგენის შესაქმნელად უმრავლეს შემთხვევაში დოკუმენტური ტექსტები და მონაცემებია გამოყენებული.

სამიდან ორ სახელმძღვანელოში თავების სათაურებად არის გამოტანილი პოეტური ფრაზები. `საუკუნო საგზალი~, `ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში~, და სხვსათაურის დანიშნულება უფრო ის უნდა იყოს, რომ მოკლედ და კონკრეტულად გაგაგებინოს, რას გპირდება ეს დანაყოფი, ლამაზი სათაურები კი ამ ამოცანას ვერ ასრულებს. ამას გარდა, ის ტექსტები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეთავშია განხილული, სავსებით მართებულად შეიძლებოდა ყოფილიყო მოთავსებული სხვაგანაც. ამდენად თავებად ასეთი დაყოფა წიგნის მოწესრიგებულობას და იოლად აღქმადობას არ უწყობს ხელს.

    რადგან პირველმა მომხსენებელმა არ ახსენა, არ შემიძლია არ აღვნიშნო. ძალიან კარგია მეთოდებისა და სტრატეგიების მრავალფეროვნება და სახალისო აქტივობები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ აგიოგრაფიული ტექსტის შესწავლისას `გასამართლების~ გამოყენება თუნდაც . . უარყოფითი პერსონაჟის მიმართ მოუხერხებლად მიმაჩნია. ბაკურ სულაკაურის ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ბევრი თვალსაზრისით არის გამორჩეული. ძალიან კარგია დიზაინი, მასალის ორგანიზება, დამხმარე ტექსტები, და ბევრი სხვა რამ და შენიშვნების გათვალისწინება უფრო სრულყოფილს გახდიდა მას.

    მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფს, რადგან უზარმაზარი შრომაა გაწეული. მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად გამიჭირდებოდა მათ შორის არჩევანის გაკეთება, რადგან ყოველ მათგანში არის რაღაც ისეთი ასპექტი, რომელიც სხვებზე უკეთესია. ერთგან ლექსმცოდნეობაა უკეთ წარმოდგენილი, მეორეგან _ გრამატიკა და .., მაგრამ რამდენადაც ჩვენს მოსწავლეებს ეს ყველაფერი არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად სჭირდებათ და თან ზომიერად განაწილებული, ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა, რომ შეგვძლებოდა ყოველივე ამის გაერთიანება და ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ ქცევა.

 

*