Inform-

2006 N2
www.literatori.iatp.ge www.litinst.iatp.org.ge
""""

ნანა კუცია

საღმრთო სიტყვის ძიებაში

`ჭეშმარიტი მწერლობა ზედროულია, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი მაღალმხატვრული ნაწარმოები თავისი ეპოქის გამომხატველია, აღვსილი თავისი დროის საფიქრალით~ [1, 11].

გურამ დოჩანაშვილის `სამოსელი პირველი~ მაღალი რწმენისაგან განძარცულ ჟამს ირეკლავს. ალეგორიულად წარმოჩნდება მარადი ფასეულობები: ღმერთი, სამშობლო (`სოფელი~) და ადამიანი-მგზავრის ეპოქისაგან მარად დამოუკიდებელი გზა _ ყოფიერების საზრისის ძიებით განსაზღვრული.

`გაქვავებულ ქალაქებში~ (წუთისოფლის იგავურ მოდელში) ადამიანთა გასაცოცხლებლად წარმოსახულ მკითხველთან ერთად მოხეტიალე მწერალს სჯერა: `ვერასოდეს მოიგონებს და შექმნის ადამიანი იმას, რაც ბიბლიაში არაა. მწერლის უპირველესი და უმთავრესი მოვალეობაა, ბიბლიის მარადი სიბრძნე და გაფრთხილებები მთელი თავისი მწერლური ხერხებითა და საშუალებებით მიაწოდოს მკითხველს~ [2, 103]. უპირველესი მწერლური საშუალება სიტყვაა, მრავალმხრიობით უდიადესი. იოანე დამასკელის განმარტებით, `სიტყვით განიწმიდება მხედველობითი ძალი სულისაი~ [3, 26]. სიტყვით განაცოცხლებს გაქვავებულ ქალაქებს და რომანის სათაურადაც სამოსელ პირველს (ლუკა 15, 22) _ სიტყვის ბიბლიურ პარადიგმას ირჩევს მწერალი, თავისი პერსონაჟივით _ დომენიკოსავით სიტყვებს რომ ეძებს `მარადახალი მდინარის პირას~ (წუთისოფელში). `ცოტა ძნელიაო~, გამოტყდება. მრავალი საუკუნით ადრე იოანე დამასკელიც აღიარებდა: `არცა სიტყუაი-პოვნიერ ვარ გამოთქუმად~ [3, 27].

უფლისმიერი სიტყვის _ სამოსელი პირველის _ ძიებაა არჩევანი დომენიკოსი. მაღალსოფელში (სამოთხეში) ყოფნისას ის ვერ აცნობიერებს მთავარს _ მამის წიაღში ის სიტყვის (სამოსელი პირველის) თანამფლობელია, სიტყვით შემოსილია.

მხოლოდ წუთისოფლის მომხილველი, ჭრელ ქალაქთა ლამაზ-ქალაქის, კამორას და წმინდა ქალაქის _ კანუდოსის მოვლის შემდეგ მოინატრებს დომენიკო მაღალსოფლის, მამის სოფლის ყუჩ სიმყუდროვეს და, რადგან `ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორია _ ეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა~ [4, 20], დომენიკოც ბრუნდება _ გაივლის უძნელეს გზას _ მაღალსოფლიდან _ მაღალსოფლისაკენ, მამის მარადი, მხსნელი წიაღიდან _ მამის მარადი მხსნელი წიაღისაკენ.

დოჩანაშვილის სახისმეტყველებით, ლამაზ-ქალაქი და კამორა იმად უნდა მოიხილოს, კანუდოსური თავისუფლება იმად უნდა იგემოს, რომ მაღალსოფელი, მამა, სამოსელი პირველი მოინატროს. `სამოსელი პირველი~ `ტელეოლოგიური რომანია, მოქმედება წინასწარ განჩინებულია, საბოლოო შედეგები წინარე მოვლენათა რეზულტატად კი არ გვეძლევა, წინარე მოვლენა საბოლოო მიზნის გამო ხდება, მისგან აქვს გამართლება~ [1, 26].

`სიტყვაპოვნიერ~, მამისაგან სიტყვანაწყალობევ დომენიკოს, სწორი პიროვნული არჩევანის წყალობით, ნაწარმოების უკანასკნელ ფურცლებზე ხელეწიფება, მარადიულ კითხვას: `ვინ ვარ? რაისთვის?~ უპასუხოს ჰაგიოგრაფიის პერსონაჟისეული სიმშვიდით: `ვიცი, რაისთვის ვარ!~ [5, 32]. მანამდის წუთისოფლის ქურაში უნდა გამოცხვეს `ცომი~ _ დომენიკო. `ცომი~ (`მგზავრთან~ ერთად) მრავალგზის განმეორებული პარადიგმაა დოჩანაშვილის რომანში _ იგავური სახელი პერსონაჟისა, ბიბლიურ ასოციაციათა გამომწვევი. კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეს დავიმოწმებთ: `გაწმიდეთ ძუელი იგი ცომი, რაითა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენთვის დაიკლა ქრისტე, რაითა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მის სიბოროტისა და უკეთურებისაითა, არამედ უცომოითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაითა~ (Iკორ. 5, 7-8). `სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ~, _ განმარტებულია ფსალმუნში (17,30). უფლისად რომ იქცეს, ადამიანიც გამოხურვებულ~ უნდა იქნეს საწუთროულ ქურაში.

საუფლო გზის არჩევას `აღსასრულად საიდუმლოთა~ ნათლავს იოანე დამასკელი. `აღსასრული საიდუმლოთა~ მაღალი ღვთისმოშიშებაა _ ერთადერთი სწორი არჩევანი (სწორ არჩევანად, სახარების სტრიქონებზე დაყრდნობით, განმარტებითი ბიბლია მოიაზრებს `ადამიანის შიშზე მეტად უფლის მოშიშებას, ადამიანის იმედზე მეტად _ უფლის იმედს... ექვთიმე ზიგაბენი განმარტავს: `შიში შიშითვე განდევნეთ, მაგრამ არა ადამიანთა, არამედ უფლის შიშით... სულს ვერ მოაკვდინებენ, რადგან უკვდავია, დაღუპვა კი ხელეწიფებათ~ [6,207].

თუმც დომენიკოს გამუდმებით უკიჟინებენ: `იმ სოფლიდან ხარ, რომ არ არსებობს?~, `სამოსელი პირველის~ მთავარმა პერსონაჟმა უწყის, რომ არსებობს მაღალსოფელი, სამოსელი პირველის მარადი წიაღი, მამის მაღალი სამკვიდრო. ამადაც ბრუნდება მამასთან. თავისუფალია არჩევანი ძისა _ მამასთან ნებით, სიყვარულით, სინანულით დაბრუნებულისა, გამაცნობიერებლისა, რომ `ნაყოფ ურჩებისა [მოჩვენებითი თავისუფლება] არის სიკვდილი~ [3, 27]; სიმდაბლით ღირსი ძედ წოდებისა, სიმდაბლითვე მიახლებული ჭეშმარიტ სიტყვას, უხრწნელ სამოსელს, `რომლისა იგი შინაგანი ბრწყინვალებაი ჰაეროვნობით განანათლებს ყოველთა, რომელნი მიემთხუეოდიან მას ჯეროვნად განწმედილნი და აღმაშფოთებელთაKგულის-სიტყუათაგან წარვლტოლვილნი~ [3, 28].

ყოფიერების საზრისი ლოგოსური სიტყვის დაუნჯებაა. დომენიკოს არჩევანიც ეს არის.