|
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი |
|
ისტორია
საქართველოში პირველი ქართული ჰუმანიტარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო "ელხი" (ენის, ლიტერატურის, ხელოვნების და ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც 1932 წელს თბილისის უნივერსიტეტში შეიქმნა. მისი დაარსების ინიციატორები იყვნენ ლევან აღნიაშვილი და სიმონ ხუნდაძე. პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ამ სამეცნიერო დაწესებულებამ ჩაატარა, იყო ფირდოუსის დაბადებიდან 1000 წლის იუბილე. "ელხი"-მ დიდი წვლილი შეიტანა "ვეფხისტყაოსნის" 750 წლის იუბილეს ჩატარება-მომზადებაში. "ელხი"-ს რეორგანიზაციის შემდეგ ენის, ისტორიისა და ხელოვნების სექტორები სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის სისტემაში გადავიდა. ლიტერატურის სექტორი უნივერსიტეტშივე დარჩა. 1941 წელს შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 1942 წლის 13 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაარსდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, რომლის მიზანი იყო ქცეულიყო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის კვლევის ცენტრად. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა საქ.სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე. იმხანად ლიტერატურის ინსტიტუტში 13 თანამშრომელი მუშაობდა. თავდაპირველად სამი განყოფილება შეიქმნა: ძველი ქართული ლიტერატურის, ახალი ქართული ლიტერატურის და ფოლკლორის. განყოფილებების დამფუძნებლები და პირველი თანამშრომლები იყვნენ: ალექსანდრე ბარამიძე, კარპეზ დონდუა, გრიგოლ კიკნაძე, სოლომონ ყუბანეიშვილი, თორნიკე ჭყონია, ტრიფონ რუხაძე, შალვა რადიანი, სერგი ჭილაია, მიხეილ ჩიქოვანი, ქსენია სიხარულიძე, გიორგი აბზიანიძე, გაიოზ იმედაშვილი, რომელთა ნაშრომები ქართული ფოლკლორის, ძველი ქართული მწერლობის, რუსთველოლოგიის, XIX ს. კლასიკოსთა შესახებ კარგადაა ცნობილი სპეციალისტებისათვის და მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობის მიზანს ფოლკლორისა და ქართული ლიტერატურის, ნაკლებად შესწავლილი საკითხების კვლევა და გამოქვეყნება, მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესწავლა, სამეცნიერო ლიტერატურული მემკვიდრეობის კრიტიკულად განხილვა, ქართული ლიტერატურის ისტორიის სრულყოფილი სამეცნიერო კურსის შედგენა წარმოადგენდა. დროთა მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომელთა რიცხვი, ძირითადად ინსტიტუტისვე მიერ მომზადებული ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკების ხარჯზე, თანდათან გაიზარდა. ფართოვდებოდა ინსტიტუტის კვლევის სფეროც. 1980-81 წლისათვის ინსტიტუტი 160 თანამშრომელს ითვლიდა. მათ შორის იყო 23 მეცნიერებათა დოქტორი, 61 მეცნიერებათა კანდიდატი, 40-მდე ლაბორანტი. ამ დროისთვის ინსტიტუტი 11 განყოფილებისგან შედგებოდა: ძველი ქართული ლიტერატურის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორის, XIX ს. ქართული ლიტერატურის, საბჭოთა ლიტერატურის, ლიტერატურის თეორიის, ჟურნალისტიკის, სსრკ ხალხთა ლიტ. ურთიერთობების, ტექსტოლოგიის, მიმდინარე ლიტ. პროცესების, ქათულ-საზღვარგარეთულ ლიტ. ურთიერთობების; შეიქმნა აგრეთვე ბიბლიოგრაფიისა და ინფორმაციის ჯგუფები. ინსტიტუტში შეიქმნა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი ორი საბჭო. ამას გარდა ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა ორ რესპუბლიკურ საკოორდინაციო საბჭოს ლიტმცოდნეობისა და ფოლკლორისტიკის სფეროში. სხვადასხვა დროს ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: კორნელი კეკელიძე - 1942-1949 შალვა რადიანი - 1949-1956 დავით გამეზარდაშვილი - 1956-1957 გიორგი ლეონიძე - 1957-1966 ალექსანდრე ბარამიძე - 1966-1985 გიორგი ციციშვილი - 1985-1988 სარგის ცაიშვილი - 1988-1992 გურამ ბარნოვი - 1992-1997 გიორგი მერკვილაძე - 1997,II -1997, IV გურამ ბენაშვილი – 1997 – 2006, VI
|